აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის ბრენდან ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ იუწყება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეხვედრების საჯარო გრაფიკშია მოცემული, შეხვედრა დღეს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო ჩანიშნული.
განახლება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





























