არჩევნების მოახლოებასთან ერთად სომხეთი აშშ-თან პარტნიორობას აძლიერებს. ბოლო სამ თვეში ერევანში აშშ-ის უკვე მეორე უმაღლესი დონის ვიზიტი შედგა, ამჯერად სომხეთს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვია.
რუბიო ერევანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. თვითმფრინავი ერევნის ზვართნოცის აეროპორტში საღამოს დაეშვა და ამერიკელ კოლეგას აეროპორტში არარატ მირზოიანი დახვდა.
ინდოეთიდან მომავალმა მარკო რუბიომ მართალია ხანმოკლე ვიზიტი გამართა სომხეთში და მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა, თუმცა მხარეებმა სამი შეთანხმება გააფორმეს. მათ შორის, „ტრამპის მარშრუტსა“ (TRIPP) და მინერალებზე. ასევე შეთანხმება გაფორმდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რითაც ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ჯო ბაიდენის დროს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, რათა ხელი შევუწყო პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხედვების განხორციელებას. ეს არის მამაცური გზა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისაკენ, რომელსაც საფუძველი გასული წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში ჩაეყარა. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს აქ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობის მიღება ამ ორმხრივი შეთანხმების მიღწევაში, რომელიც ეხება ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს. თუმცა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ “ტრამპის მარშრუტით” არ შემოიფარგლება. ჩვენ მასზე დაყრდნობით მრავალ სხვადასხვა მიმართულებით ვავითარებთ და ეს ჩვენი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტიდან მალევე, დონალდ ტრამპმა 7 ივნისის არჩევნებში ფაშინიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"სომხეთი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩემი დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, ამდიდრებს და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც წინ წასწია ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გარიგება. მალე, ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს (Trump Route for International Peace and Prosperity), რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. აქედან გამომდინარე, ნიკოლს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში. ნიკოლის დახმარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე", - წერს ტრამპი Truth Social-ში.
ფაშინიანის მთავრობის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსი, კრემლისთვის გამაღიზიანებელია. ოფიციალური მოსკოვი ერევანს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებით დაემუქრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ზახაროვა ნავთობროდუქტების და გაზის იმპორტის შეწყვეტაც დააანონსა, თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს. სომხეთი საქართველოზე გამავალი გაზსადენით ყოველ წელს 2 მლრდ მ3-ზე მეტ გაზს იღებს. იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავალს საქართველოც დაკარგავს.
"ვხედავთ, რომ სომხეთმა აირჩია დასავლური ვექტორი, განსაკუთრებით, ფაშინიანის ხელმძღვანელობის პირობებში. ჩვენ ვაკვირდებით შეერთებული შტატების მხრიდან ასეთ არნახულ მხარდაჭერას, მათ შორის ინვესტიციების სახითაც; მაგალითად, ვხედავთ, რომ Nvidia-მ დააანონსა ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი ჰაბის შექმნა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სომხეთის ატომურ ენერგეტიკას, რომელიც ახლა რუსული გავლენის ქვეშაა, თუმცა ამერიკელები აშკარად ცდილობენ, რომ ეს ენერგოკომპონენტიც საკუთარი გავლენის ქვეშ გადმოიყვანონ. ამავდროულად, ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულია ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, განსაკუთრებით, TRIPP დერეფნის ფარგლებში. როგორც კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაცია მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ასევე მოწესრიგდება. ამ ყოველივეში კი შეერთებული შტატების როლი უზარმაზარია", - გვეუბნება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი.
თუ რუსეთი მუქარას შეასრულებს, მაშინ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს დატოვებს. ეს პარლამენტის სპიკერის ალენ სიმონიანის პასუხი იყო, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ფაშინიანი ამბობს, სომხეთს შეუძლია, ერთდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრიც იყოს და თან, ევროპული სტანდარტების მისაღწევად რეფორმებიც გაატაროს.
“ტრამპის მარშრუტი” ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა, - ამბობს საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელი თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო, როგორც შუა დერეფნის ნაწილი, საკუთარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და საბაჟო მომსახურების გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკმაოდ დიდი სამუშაო აქვთ გასაწევი იმისათვის, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფნის სრულფასოვანი ალტერნატივა შექმნან. ამას არ ვამბობ დასამშვიდებლად, თითქოს ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ არაფერი გვემუქრება, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მუშაობა ძველი ტემპით გავაგრძელოთ. უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობ, რომ ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები. თუ ამ საშინაო დავალებას არ შევასრულებთ, ტვირთებს იმ შემთხვევაშიც დავკარგავთ, თუ აღნიშნული ალტერნატიული მარშრუტი არ ამოქმედდება; ხოლო თუ მას წარმატებით შევასრულებთ, შევინარჩუნებთ და გავზრდით კიდეც ჩვენს ქვეყანაში ტვირთბრუნვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მარშრუტი ამოქმედდება", - აცხადებს საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ნემსაძე.
სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობები ისტორიულ დონეზეა და სად არის ამ დროს საქართველო და როგორია მისი პოზიციები?!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როცა რუბიო ერევანს სტუმრობდა, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია პიტერ ანდრეოლის ხელმძღვანელობით თბილისში შეხვედრებს მართავდა. 2025 წლიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არ აქვს, არადა მანამდე ერთადერთი იყო, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ამ პარტნიორობით სარგებლობდა.




























