მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აშშ-ის სახელმწიფო ვალი $64 ტრილიონამდე გაიზრდება” - კონგრესის საბიუჯეტო ოფისი

ვალი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ანალიტიკური ორგანიზაციაა, გაავრცელა პროგნოზი, რომ მომდევნო ათწლეულში აშშ-ის ეროვნული ვალის მოცულობა $64 ტრილიონამდე გაიზრდება. შედარებისთვის, ის ახლა $38-ტრილიონიან ნიშნულზეა. როგორც დამოუკიდებელ კვლევით ცენტრში აცხადებენ, ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას რესპუბლიკური პარტიის საგადასახადო პოლიტიკა და ფედერალური საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იქნება. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, თუ 2026 წელს წლიური საბიუჯეტო დეფიციტი $1.9 ტრილიონზეა, ის 2036 წლისთვის $3.1 ტრილიონამდე სწორედ დასახელებული ფაქტორების გამო გაიზრდება.

ანალიტიკურ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თუ არსებული პოლიტიკა არ შეიცვალა, ტრამპის საერთაშორისო ტარიფებიდან მოსალოდნელ $3-ტრილიონიან შემოსავლებს სრულად გაანეიტრალებს ის საგადასახადო და ხარჯვითი პაკეტები, რომლებიც პრეზიდენტმა გასული წლის ზაფხულში დააანონსა. ასევე ის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში სამუშაო ძალის არსებობაზე.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ექსპერტების შიშობენ, რომ თუ ხელისუფლება არსებულ მიდგომებს არ შეცვლის, ფედერალური ვალის მოცულობა მშპ-ს ამჟამინდელი 101%-იანი ნიშნულიდან 120%-მდე გაიზრდება და მკვეთრად გადააჭარბებს 1946 წელს დაფიქსირებულ რეკორდს - 106%-ს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიერ ივლისის თვეში ხელმოწერილი საბიუჯეტო ინიციატივა მოკლევადიანად გააუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, თუმცა გრძელვადიანად კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება ქვეყანას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები