მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამაში საქართველოს მოხვედრა ქვეყნის იმიჯისთვისაც საზიანოა|ზვიად სხვიტარიძე

ექსპერტი

აშშ-ში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting - ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამაში საქართველოს მოხვედრა, არა - მოქალაქეების მხრიდან სავიზო წესები დარღვევების სტატისტიკის, არამედ ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობების შედეგია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როცა სავიზო დარღვევების მაჩვენებელი რეალურად მცირდება, ქვეყნის ამ სიაში შეყვანა მიუთითებს სტრატეგიული ნდობის კრიზისზე, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოქალაქეების გადაადგილებაზე, ისე ზოგადადა, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და ბიზნეს [B1 და B2] ვიზის მისაღებად $5000-დან 15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოეთხოვებათ. საქმე ის არის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტული ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე საგარანტიო თანხის წარდგენა მოეთხოვებათ.

- საქართველოს საგარეო უწყება აშშ-ის საპილოტე სავიზო პროგრამაში საქართველოს მოხვედრას მოქალაქეების მიერ სავიზო წესების დარღვევას უკავშირებს... თქვენი შეფასებით, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკის შედეგია თუ პოლიტიკური ურთიერთობების გაციების პირდაპირი ეფექტი?

- პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად დეგრადირდა. აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი, ასევე, მომავალი - მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე – ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა... ამას თან სდევდა მძიმე რიტორიკა, განსაკუთრებით ამერიკის ელჩების მიმართ, და დღეს იქამდე მივედით, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შანსი, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაგვეწყო, სამწუხაროდ, მივედით ე.წ. „ბონდის პროგრამის“ შემოღებამდე. ის გამართლება, თითქოს ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ბრალია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ გადახედავთ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (Homeland Security) ყოველწლიურ ანგარიშებს, ნახავთ, რომ B1 და B2 ვიზებზე დარჩენის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოსა და სომხეთს თითქმის ერთნაირი აქვთ, თუმცა სომხეთი ამ სიაში არ მოხვედრილა. მეორე მხრივ, სიაში არიან აფრიკული ქვეყნები ან მონღოლეთი, რომელთაც [სავიზო პერიოდების/წესების დარღვევის] ძალიან დაბალი მაჩვენებელი ან საერთოდ ნულოვანი დარღვევა აქვთ, მაგრამ ისინი მოხვდნენ სიაში... ამდენად, ეს ყველაფერი მიბმულია, პირველ რიგში, ნდობაზე, პარტნიორობის ხარისხსა და პოლიტიკურ მდგენელზე, ამიტომ დარღვევების კომპონენტი არაფერ შუაშია და სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით.

- ამ მაგალითებით ამყარებთ თქვენ შეფასებას, რომ, რომ არა ორ ქვეყანას შორის მკვეთრად დაზიანებული ურთიერთობა, საქართველო ამ 12 ქვეყანას შორის არ აღმოჩნდებოდა?

- უფრო მეტსაც გეტყვით – რა თქმა უნდა, არ მოხვდებოდა. 2023-2024 წლების სტატისტიკით, დარღვევების რანჟირება 1.5-2%-ით არის შემცირებული; ანუ საქართველოს მოქალაქეები უკეთესად იქცეოდნენ და ისე მასობრივად აღარ რჩებოდნენ აშშ-ში; ეს დინამიკა პირიქით, პოზიტიური იყო... თუ გადავავლებთ თვალს დიპლომატიურ პროცესებსა და TRIPP-ის [TRIPP წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს] პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს, ვნახავთ, რომ რეგიონში სიმძიმის ცენტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადაინაცვლა. 5-10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი (სახელმწიფო მდივანი თუ ვიცე-პრეზიდენტი) რეგიონში ჩამოსულიყო და პირველად საქართველოში არ შემოსულიყო. ადრე პირველი ვიზიტი ყოველთვის ჩვენთან ხდებოდა და შემდეგ მიდიოდნენ სხვაგან...

- აშშ-ის სავიზო საპილოტე პროგრამაში საქართველოს მოხვედრა რამდენად გაართულებს მოქალაქეებისთვის ამერიკაში წასვლას და იქ საქმიანობის დაწყებას? საიმიგრაციო ვიზები ისედაც შეჩერებულია და ახლა ბიზნეს და ტურისტული ვიზების აღებაც გართულდება...

- ეს ძალიან ცუდი რეგულაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტის მოთხოვნა შეიძლება აბსოლუტურად ყველას არ შეეხოს, ის მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაზე გავრცელდება. გარდა ამისა, ვისაც უკვე აქვს B1/B2 ვიზა, მათაც ექმნებათ ბარიერები – თუ ადრე საზღვრის კვეთისას ავტომატურად 6-თვიან ყოფნის უფლებას გაძლევდნენ, ახლა უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ერთ თვეს ურტყამენ პასპორტში. კითხვების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა... ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯისთვისაც საზიანოა, რადგან ამ [ქვეყნების] სიას ინვესტორები და ბიზნესებიც აკვირდებიან. რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზებს, მიმდინარე წლის იანვრიდან, მათი გაცემა ფაქტობრივად შეჩერებულია – განხილვები მიდის ძალიან მდორედ, რაც დამატებითი შეფერხებაა. ამდენად, ეს პროცესები ძალიან უარყოფითად აისახება საქართველოს მოქალაქეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები