მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ 50 ქვეყნისთვის Visa Bond-ის მაქსიმალურ თანხას $20 000-მდე ზრდის – $5000-იანი დეპოზიტი უქმდება

აშშ-ის სავიზო დეპოზიტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საპილოტე პროგრამა, რომელიც გარკვეული ქვეყნების [მათ შორის საქართველოს] მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად ფულადი დეპოზიტის (გირაოს) წარდგენას ითვალისწინებდა, მუდმივ რეჟიმზე გადაჰყავს. ამასთანავე, იზრდება სავიზო დეპოზიტის ღირებულებაც და მისმა მაქსიმალურმა ოდენობამ, შესაძლოა, 20 000 დოლარს მიაღწიოს.

ახალი რეგულაციით მნიშვნელოვნად იცვლება როგორც მაქსიმალური, ისე მინიმალური გადასახადი. აქამდე მოქმედი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის მაქსიმალური მოცულობა 15 000 დოლარით განისაზღვრებოდა, ხოლო კონსულის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იყო უფრო დაბალი ტარიფების – 5 000 და 10 000 დოლარის გამოყენებაც. ახალი წესით კი, მაქსიმალური ზღვარი 20 000 დოლარამდე იზრდება, ხოლო ყველაზე დაბალი, 5 000-დოლარიანი დეპოზიტი სრულად უქმდება.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ს ტურისტული ან ბიზნესვიზის (B1/B2) მისაღებად მიმართავენ. სადეპოზიტო თანხა აპლიკანტს უკან უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის ვიზის მიღების შემთხვევაში სრულად დაიცავს სავიზო პირობებს და ქვეყანას დადგენილ ვადებში დატოვებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ფულადი დეპოზიტის გაძვირება და პროგრამის მუდმივ რეჟიმში გადაყვანა სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევების შემცირებას ემსახურება. უწყების მონაცემებით, აშშ-ში ვიზის ვადის გადაცილების შემდეგ არალეგალურად დარჩენილი პირის დაკავება და დეპორტაცია სახელმწიფოს საშუალოდ 18 000 დოლარი უჯდება.

უწყების შეფასებით, საპილოტე პროგრამამ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. თუ 2024 წელს აღნიშნული 50 ქვეყნიდან აშშ-ში ჩასულმა 45 500-ზე მეტმა პირმა დაარღვია სავიზო ვადები, პროგრამის ამოქმედებიდან პირველი 10 თვის განმავლობაში დარღვევის შემთხვევები 50-მდე შემცირდა.

მეორე მხრივ, დეპოზიტის მაღალი ღირებულების გამო, ამ ქვეყნების მოქალაქეებზე გაცემული ტურისტული და ბიზნესვიზების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, რადგან აპლიკანტების თითქმის ნახევარმა შესაბამისი თანხის გადახდა ვერ ან არ ისურვა. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დეპოზიტის გაძვირება მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ში ოჯახის წევრების მონახულება, განათლების მიღება ან საქმიანი ვიზიტი სურთ.

სავიზო დეპოზიტების პროგრამა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის აგვისტოში შემოიღო, 2026 წლის 2 აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებზეც გაავრცელა. პროგრამა აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მაღალი მაჩვენებლის საპასუხოდ და იმიგრაციის წესების დარღვევის პრევენციისთვის ამოქმედდა.

თავდაპირველად პროგრამა საპილოტე რეჟიმში, 1 წლის ვადით ამოქმედდა, თუმცა 1 აგვისტოს, სახდეპის გადაწყვეტილებით, ის მუდმივი გახდა და კვლავ 50 ქვეყანაზე ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები