მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოს ეწვევიან - განცხადებები

63f22cbbcbbb9
BM.GE
19.02.23 15:49
854
აშშ-ის სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ საქართველოს და რუმინეთს ეწვევიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად სენატორებმა გააკეთეს.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 20 თებერვალს 18 საათზე „თბილისში მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განიხილონ.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები უკრაინის აღებას სცილდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად.

ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი, ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად , რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორ დურბინის განცხადებით კი საქართველომ, რომელმაც 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება, პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე ძალიან კარგად იცის.

”საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და როგორც ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა სიმტკიცე გამოავლინა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, - განაცხადა დურბინმა.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, სენატორი შაჰინი აშშ-ს სენატში ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს ხელმძღვანელობს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში გარდამტეხი წერტილია. პუტინის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკელი-ოჰაიო)უკრაინაში ორპარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ. შაჰინ-პორტმანის კონგრესის დელეგაციის ვიზიტამდე იანვარში, შაჰინი ხელმძღვანელობდა კანონმდებლების ორპარტიულ წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, 2021 წლის ივნისში.

როგორც სენატის ნატოს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რა მოვალეობასაც იგი ხელახლა შეუდგა სენატორ თილისთან ერთად 2018 წელს, შაჰინი ხელმძღვანელობს ორპარტიულ ძალისხმევას სენატში ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.

დურბინი, სენატის ბალტიისპირეთის თავისუფლების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთში და ვილნიუსში, ლიეტუვაში, ზუსტად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინ. 2022 წელს დურბინი ესტუმრა ვილნიუსს, ლიეტუვას, სადაც მიიღო ალექსანდრას სტულგინსკის ვარსკვლავის ჯილდო და ამის შემდეგ დაესწრო ნატოს სამიტს ესპანეთში, მადრიდში. ის ხშირად მასპინძლობს უკრაინის პარლამენტის წევრებს და ბოლოს უმასპინძლა უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრეი კოსტინს, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დურბინის ორპარტიულ, კანონს სამართალიანობა ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის – რომელიც განაახლებს ომის დანაშაულების არსებულ სტატუტს, რათა შესაძლებელი გახდეს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა შეერთებულ შტატებში, განურჩევლად მოძალადის ან მსხვერპლის ეროვნებისა, – ახლახანს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა. კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებებზე. დურბინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ამერიკის მხრიდან რუსეთის მიერ უკრაინის ნებისმიერი იძულებით ანექსირებული ტერიტორიის აღიარებას, ასევე მიიღეს 2023 ფისკალური წლის (FY) ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები