აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს საქართველოდან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანები ერთობლივ წერილს უგზავნიან, რომელსაც Neweurope.eu ავრცელებს. როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, საქართველოსთვის აშშ-ი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. წერილის ხელმომწერები ასევე გამოხატავენ მადლიერებას ამერიკის მხარდაჭერის გამო, რასაც ვაშინგტონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უცხადებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ამერიკის შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა. ასეთი პოლიტიკა შესაძლოა ითვალისწინებდეს მოკავშირე ძალების (აშშ/ევროპის) როტაციის პრინციპით ყოფნას, ასევე ლოგისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და მოკავშირე ძალებისთვის სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირების ფართო არჩევანს. ამასთანავე, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში მტკიცე პოპულარობით ისარგებლებს, შეაჩერებს მოახლოებულ საფრთხეებს და დაეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას“, – აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ საქართველოში უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში მომუშავე ექსპერტები, სპეციალისტები. მათ შორის თემურ იაკობაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ბუკა პეტრიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ბათუ ქუთელია, ირაკლი ალასანია და სხვა.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხვალ, 17 ნოემბერს დაიწყება და ორ დღეს გაგრძელდება.


























