მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის შემდეგ, პარიზის შეთანხმებიდან, შესაძლოა, არგენტინაც გავიდეს

ხავიერ მილეი

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” გასვლას გულისხმობს, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც ფიქრობს. საინტერესოა, რომ აშშ-ის გარდა, შეთანხმება ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ დაუტოვებია.

ლიბერტარიანელი ლიდერი დონალდ ტრამპის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოკავშირედ ითვლება და რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდა. დონალდ ტრამპი, როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილების არსებობას არ აღიარებს, როცა ხავიერ მილეი ამ პროცესში ადამიანების მიერ შეტანილ წვლილს უარყოფს.

საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მეტად სავარაუდოა ის რეალობა, სადაც არგენტინა “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” გავა. როგორც ხავიერ მილეიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიოში ბოლო დროს გავრცელებულმა "ვოუქიზმმა" გარემოს დაცვის ფილოსოფია ფანატიზმში გადაიწყვანა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას აზიანებს.

თუკი არგენტინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლიმატის ცვლილების შენელების წინააღმდეგ მიღებული შეთანხმების არსებობის რელევანტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. შეთანხმების დასატოვებლად, ჩვეულებრივი პროცედურით, მილეის არგენტინის კონგრესის დასტური სჭირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მილეიმ სპეციალური განკარგულება გამოსცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები