მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სუვერენული რეიტინგის შემცირებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - JPMorgan-ი Fitch-ის გადაწყვეტილებაზე

ჯეიმი დაიმონი

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული რეიტინგი უმაღლესი მაჩვენებლიდან, ანუ AAA-დან, ერთი დონით შეამცირა და ის AA+ დონეზე განსაზღვრა. ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეიმი დაიმონი, რომელმაც აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, Fitch-ის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაკრედიტების ფასს განსაზღვრავს ბაზარი და არა სარეიტინგო ორგანიზაციები.

ჯეიმი დაიმონი აღნიშნავს იმასაც, რომ სასაცილოა, როცა სხვა ქვეყნებს, რომელთა სტაბილურობას ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ჯარი განსაზღვრავს, ამერიკაზე მაღალი შეფასება აქვთ. “ამ ქვეყნების რეიტინგი რომ AAA-ია და ამერიკის არა - სასაცილოა. ამერიკა ჯერაც პლანეტის ყველაზე მდიდარი და უსაფრთხო სახელმწიფოა”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა CNBC-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული რეიტინგის შემცირებას Fitch Ratings-ი ქვეყნის ფისკალური დეფიციტის მზარდი მაჩვენებლით და მმართველობითი სტრუქტურის ჩამოშლით ხსნის, რომელმაც გასული ორი დეკადის განმავლობაში სავალო ჭერის ლიმიტის რამდენიმეჯერ გაზრდა გამოიწვია. სავალო ჭერთან დაკავშირებით მოსაზრება აქვს ჯეიმი დაიმონსაც, რომელიც ამბობს, რომ ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ორივე პარტია მას პოლიტიკურად იყენებს, რაც კაპიტალის ბაზარზე გაურკვევლობას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები