მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას  MEGOBARI Act წარედგინა - რა წერია დოკუმენტში?

აშშ

ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI Act-ი 23 მაისს წარუდგინა - ამის შესახებ თავად კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სადაც კანონპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციაა მოცემული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორპარტიული კანონპროექტი - “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი” - MEGOBARI Act მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების გაუმჯობესებას ისახავს და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ ძალისხმევას, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დასახმარებლად და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით კი რუსული რეჟიმების გავლენისგან დაცვაში.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.

MEGOBARI ACT-ის ძირითადი დებულებები:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა - კანონპროექტი ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკას, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ პროგრესს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესების დაცვისთვის მზარდი დემოკრატიის მნიშვნელობას.
  • დემოკრატიული უკუსვლის განხილვა - ბოლო პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, კანონპროექტი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს ქმედით ნაბიჯებს და რუსულ თუ სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირების გაწყვეტას.
  • ანგარიშგება და სანქციები - კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს:
    • არასათანადო გავლენები და სანქციებისთვის გვერდის ავლა: ანგარიშები კორუფციულ საქმიანობაზე საქართველოში, რაც ატარებს რუსულ ინტერესებს და ხელს უწყობს სანქციებისთვის გვერდის ავლას;
    • რუსული სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება;
    • სანქციები ქართველებისთვის: სანქციების იდენტიფიცირება და წარდგენა, მოგზაურობის შეზღუდვა მათთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს;
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება - სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგსა და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოში დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი ელექტორული პროცესები.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება - საქართველოში დემოკრატიული პროგრესის შეფასებისას, კანონპროექტი აშშ-სგან დამატებით დახმარებას ითვალისწინებს, მათ შორის:
    • საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს;
    • ადამიანური ურთიერობების გაუმჯობესებას და სავიზო პროცესის გამარტივებას;
    • ეკონომიკისა და მოდერნიზაციის დახმარების პაკეტების შექმნას;
    • უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას, რუსული აგრესიის საპასუხოდ;

ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შექმნილია წამყვან ამერიკულ და საერთაშორისო დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებთან და აშშ-ის მთავრობასთან კოორდინაციით. MEGOBARI Act უკვე სარგებლობს მოწონებით ადამიანის უფლებათა დაცვის ქართულ ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ასევე, კანონპროექტს მხარს უჭერენ აშშ-ის პროდემოკრატიული ოფიციალური პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები