მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის "შათდაუნი" დაიწყო - დემოკრატები და ტრამპი ცვლილებებზე ვერ თანხმდებიან

სენატი

ამ შაბათ-კვირას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მუშაობა შეჩერდა და ე.წ. შათდაუნი გამოცხადდა. თეთრი სახლი და დემოკრატიული პარტიის ლიდერები აგრძელებენ მოლაპარაკებებს საიმიგრაციო წესების შეცვლაზე, იმ ფონზე, რომ აღსრულებას გასულ თვეში ფედერალური აგენტების მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის მკვლელობას მოჰყვა - წერს nbcnews.

მხარეები წინადადებებს ცვლიან, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, დემოკრატების რომელ მოთხოვნებს დათანხმდება თეთრი სახლი.

ვინაიდან კონგრესმენები დედაქალაქში არ იმყოფებიან, შაბათს, 00:01 საათზე DHS-ის დაფინანსება ოფიციალურად შეწყდა. ეს ნიშნავს, რომ ისეთი სააგენტოების თანამშრომლები, როგორებიცაა საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA), ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია (TSA) და სანაპირო დაცვა, ხელფასს ვერ აიღებენ, თუმცა სამსახურში სიარულს მაინც აგრძელებენ, რადგან მათი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

რაც შეეხება დავის ცენტრში მყოფ უწყებებს - საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს (ICE) და საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურს (CBP), მათ შათდაუნი ნაკლებად შეეხებათ. ორივე უწყების თანამშრომლები მუშაობასაც გააგრძელებენ და ანაზღაურებასაც მიიღებენ, რადგან მათ კვლავ მიუწვდებათ ხელი პრეზიდენტ ტრამპის მიერ შარშან დამტკიცებულ 75 მილიარდი დოლარის მოცულობის დაფინანსებაზე.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაბრუნება 23 თებერვლამდე არ იგეგმება, რაც DHS-ის მუშაობის სულ მცირე 10 დღით შეჩერების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, თუ კენჭისყრისთვის კანონპროექტი მზად იქნება, კანონმდებლები შესაძლოა უფრო ადრეც დაბრუნდნენ.

ხუთშაბათს სენატის რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს DHS-ის დაფინანსების კანონპროექტის წინ წაწევა (ხმები: 52-47), რადგან ფილიბასტერის დასაძლევად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვეს. მათ მხოლოდ ერთმა დემოკრატმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ საჯაროვდება, დემოკრატებმა გასულ კვირას 10 მოთხოვნა წამოაყენეს, რაც მოიცავს ICE-ის აგენტებისთვის საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების ვალდებულებას, კერძო საკუთრებაში შესასვლელად სასამართლო ორდერის საჭიროებას და ნიღბების ტარების აკრძალვას.

ეს შათდაუნი გაცილებით მცირე მასშტაბისაა, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე მომხდარი რეკორდული, 43-დღიანი გაჩერება, რომელმაც ყველა ფედერალური სააგენტო დააზარალა. ამჯერად, DHS-ის გარდა ყველა დეპარტამენტი სექტემბრამდე სრულად ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები