მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს - ვენსი ბაქოსა და ერევანს ეწვევა, თბილისი გეგმაში არაა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს დღეს, 9 თებერვალს იწყებს. ეს არის ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი სტუმრობა რეგიონში ბოლო 17 წლის განმავლობაში, თუმცა, კავკასიურ მარშრუტში არ არის თბილისი. ვენსი მხოლოდ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

ვენსის ტურნე ვაშინგტონის მიერ 2025 წლის აგვისტოში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გაგრძელებაა. მრავალწლიანი არასტაბილურობის შემდეგ, ეს ჩარჩო ხელშეკრულება მნიშვნელოვან გარღვევად მიიჩნევა.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საკვანძო საკითხი განიხილება, რომლებიც რეგიონის მომავალ კონფიგურაციას განსაზღვრავს:

  • „სექცია 907“-ის გაუქმება: აზერბაიჯანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ათწლეულების წინ დაწესებული იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც აფერხებდა ამერიკული კომპანიების მონაწილეობას ქვეყნის პროექტებში. ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში ამ შესწორების სრულ გაუქმებას ითხოვენ.
  • TRIPP-ის მარშრუტი: ეს არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც აშშ არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ძირითადი დაინტერესებული მხარეა. აზერბაიჯანი ამ პროექტის ფარგლებში ითხოვს გარანტიებს სომხეთისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი კავშირი ქვეყნის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ექსკლავს შორის.
  • სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა: ტრამპმა უკვე გააჟღერა ინტერესი საინვესტიციო და სამხედრო პროგრამების მიმართ.

ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად, 9-11 თებერვალს სამხრეთ კავკასიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგიც ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ეკონომიკური მდივნის მოადგილის ჩართულობა რეგიონულ ტურნეში პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერასა და „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის გზის“ (TRIPP) პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეკონომიკური გუნდის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი რეგიონში მშვიდობის გარანტიად სწორედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სავაჭრო პროექტებს მიიჩნევს.

ვიზიტი დაანონსებული იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში თებერვლის თვეში იყო დაგეგმილი.

ასევე, 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოწვევას დათანხმდნენ. საქართველოს მოწვევა არ მიუღია.

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვის პასუხად, რატომ არ მოხვდა საქართველო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიურ ტურნეში განაცხადა, რომ ვიზიტი კონკრეტულად TRIPP-ის მარშრუტს უკავშირდება და ფოკუსირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთზე.

„რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის მარშრუტს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის ორი ქვეყანა. კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი, ჩვენი ინფორმაციით. ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის აზერბაიჯანში და სომხეთში“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი „ძალიან მძიმეა“, რაც, მისი შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა. კითხვაზე, რას აკეთებს საქართველო ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებისთვის, კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ მოთმინებით ველოდებით. მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის“, - თქვა მან.

ვენსი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ოდესმე ჩასულა სომხეთში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2008 წელს ესტუმრა აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი, რომელიც იმავე წელს საქართველოშიც იყო.

2005 წელს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში. 2009 წელს კი, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს, ტრანზიციის პერიოდში მყოფი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ევროპაში თბილისში გაიმართა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები