მიმდინარე წლის 30 მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატები იმ ვიზათა კატეგორიებს აფართოებს, რომელთა მისაღებადაც აპლიკანტმა სოციალური მედიის სკრინინგისა და შემოწმების პროცესი უნდა გაიაროს.
კერძოდ, ეს პრაქტიკა თავდაპირველად სასწავლო, F, M და J კატეგორიის ვიზის მაძიებელთათვის დაინერგა, მოგვიანებით კი დასაქმებისთვის H-1B და H-4 ვიზების აპლიკანტებზეც გავრცელდა.
30 მარტიდან სოციალური მედიის ვეტინგი დამატებით 15 არასაიმიგრაციო სავიზო კატეგორიაზეც განხორციელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა რეგულაციაში მოხვედრილი ვიზების მაძიებლებს, შემოწმების პროცესის გასამარტივებლად, ყველა სოციალურ ქსელში კონფიდენციალურობის (privacy) პარამეტრები შეცვალონ და პროფილები საჯარო (public) ან ღია (open) გახადონ.
რას ითვალისწინებს სოციალური მედიის შემოწმება?
აპლიკანტებს სთხოვენ, გააზიარონ სოციალური ქსელების ყველა ის პროფილი და მომხმარებლის სახელი, რომლებსაც ისინი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყენებდნენ. კონსულები სოციალურ ქსელებში მათ აქტივობას ამოწმებენ.
როგორ შეიძლება იმოქმედოს სოციალურმა ანგარიშებმა თქვენს სავიზო განაცხადზე?
სოციალურ ქსელებში ვიზის მაძიებლის აქტივობა გადამწყვეტ როლს თამაშობს აშშ-ის ვიზის დამტკიცებაში. ნებისმიერი პოსტის, კომენტარის ან თუნდაც ისეთი ქმედების მცირე "არასწორმა ინტერპრეტაციამ", როგორიცაა პოსტის წაშლა, შეიძლება, თქვენი ვიზის შეფერხება ან გაუქმება გამოიწვიოს.
რა შეიძლება ვიზის არ გაცემის ან შეფერხების მიზეზი გახდეს?
1. თუ არ დაასახელებთ სოციალური მედიის რომელიმე ანგარიშს.
2. აშშ-ის მიმართ "მტრული დამოკიდებულების" გამომხატველი ლექსიკის გამოყენება.
3. ანტისემიტური, რასისტული ან სხვა სახის სიძულვილის ენის გამოყენება.
4. პოტენციური კავშირები ან მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა თუ იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც აშშ ტერორისტულად მიიჩნევს.
5. შეუსაბამობები ონლაინ კონტენტსა და წარდგენილ სააპლიკაციო მასალებს შორის.
რა მოხდება, თუ სოციალური მედიის შემოწმებამ კარგად არ ჩაიარა?
აშშ-ის საიმიგრაციო ადვოკატის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები განაცხადის გაუქმების მიზეზს პირდაპირ არ ასახელებენ.
ახალი შემოწმების პროცედურების დასანერგად ზოგიერთმა საკონსულომ შესაძლოა შეცვალოს ან გადადოს ინტერვიუს თარიღები. გარდა ამისა, Bechtel International Center-ის ვებსაიტზე განმარტებულია, რომ სოციალური მედიის შემოწმებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ადმინისტრაციული შემოწმება, რაც ვიზის გაცემის ვადებს გაახანგრძლივებს.
რომელ სავიზო კატეგორიები დაემატა სოციალური ქსელების ვეტინგის რეგულაციას?
1. დიპლომატიური და საერთაშორისო მხარდაჭერა (A-3, C-3, G-5)
- A-3: დიპლომატების და სამთავრობო მოხელეების პირადი თანამშრომლები (მსახურები, მძღოლები და ა.შ.);
- C-3: ტრანზიტით მყოფი უცხოელი ჩინოვნიკების პირადი თანამშრომლები;
- G-5: საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. გაერო, მსოფლიო ბანკი) თანამშრომლების პირადი პერსონალი;
2. სწავლება, კულტურა და რელიგია (H-3, H-4, Q, R-1, R-2)
- H-3: სტაჟიორები, რომლებიც ჩადიან აშშ-ში ტრენინგის მისაღებად;
- H-4: H-3 ვიზის მფლობელის მეუღლე ან შვილი;
- Q: საერთაშორისო კულტურული გაცვლითი პროგრამის მონაწილეები;
- R-1: რელიგიური მუშაკები (სასულიერო პირები ან რელიგიური მოწოდების მქონე პირები);
- R-2: R-1 ვიზის მფლობელის მეუღლე ან შვილი;
3. საოჯახო და საქორწინო (K-1, K-2, K-3)
- K-1: აშშ-ის მოქალაქის საქმრო/საცოლე;
- K-2: K-1 ვიზის მფლობელის შვილები;
- K-3: აშშ-ის მოქალაქის მეუღლე, რომელიც ელოდება საიმიგრაციო პეტიციის დამტკიცებას;
4. ჰუმანიტარული და სამართალდამცავი ორგანოების დახმარება (S, T, U)
- S: ინფორმატორები ან მოწმეები, რომლებიც ფლობენ კრიტიკულ ინფორმაციას დანაშაულებრივ საქმიანობაზე ან ტერორიზმზე;
- T: ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლნი, რომლებიც ეხმარებიან გამოძიებას;
- U: სერიოზული დანაშაულის (მაგ. ოჯახური ძალადობა) მსხვერპლნი, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანი და თანამშრომლობენ პოლიციასთან;
რატომ ამოწმებენ სოციალურ მედიას?
შეერთებულმა შტატებმა სოციალური მედიის შემოწმება აპლიკანტების ონლაინ აქტივობის შესასწავლად დანერგა. აშშ-ის საელჩომ და საკონსულოებმა განაცხადეს, რომ ეს შემოწმება "აუცილებელია მათი [აპლიკანტების] ვინაობისა და აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეერთებულ შტატებში დაშვების უფლების დასადგენად".
აშშ-ის მოგზაურობის დეპარტამენტის განცხადებით, ვიზის სკრინინგისა და შემოწმების პროცესში ისინი იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმ აპლიკანტების გამოსავლენად, რომლებიც "მიუღებელნი არიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის იმათ, ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას".
აშშ მიიჩნევს, რომ "ვიზის გაცემის ყოველი გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებაა", რის გამოც ვიზის ყველა განმცხადებელს საფუძვლიანად ამოწმებს.




























