ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი გეგმავს, მნიშვნელოვნად შეამციროს ის ტარიფები, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს ათზე მეტი იტალიური კომპანიის პროდუქციაზე უნდა დაწესებულიყო.
თავდაპირველი გეგმით, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, იტალიურ მაკარონზე ტარიფი 92%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც სხვა არსებულ გადასახადებთან ერთად ჯამურ ბაჟს 107%-მდე აიყვანდა. განახლებული მონაცემებით კი, მოსაკრებელი 24%-დან 29%-მდე შუალედში განისაზღვრება.
როგორც ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მოჰყვა გამოძიებას იმის შესახებ, ხომ არ ყიდდა ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქციას არასამართლიანად დაბალ ფასებში. უწყების წარმომადგენლის განმარტებით, განაკვეთების შემცირების რეკომენდაცია „დამატებითი კომენტარების შეფასების“ საფუძველზე გაიცა.
„იტალიელმა მწარმოებლებმა უპასუხეს დეპარტამენტის მიერ გამოთქმულ არაერთ შენიშვნას, რაც ასახავს ჩვენს ერთგულებას სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის მიმართ“, - განუცხადა CNN-ს ვაჭრობის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივლისში ორმა ამერიკულმა კომპანიამ (8th Avenue Food & Provisions და Winland Foods) უწყებაში საჩივარი შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რამდენიმე იტალიური კომპანია აშშ-ში იმპორტირებულ მაკარონზე ფასებს ხელოვნურად ამცირებდა.
სექტემბერში გამოქვეყნებული წინასწარი მოკვლევის თანახმად, ორ მსხვილ მწარმოებელს — La Molisana-სა და Pastificio Lucio Garofalo-ს ბრალად ედებოდათ პროდუქციის „ნორმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად“ გაყიდვა და გამოძიებასთან არათანამშრომლობა. სწორედ ამ კომპანიებზე მოდის აშშ-ში იტალიური მაკარონის გაყიდვების უდიდესი წილი.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დადებითი ნაბიჯი უწოდა:
„ტარიფების გადახედვა არის ნიშანი იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ აღიარა ჩვენი კომპანიების მზადყოფნა თანამშრომლობისთვის“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საბოლოო ტარიფებს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ოფიციალურად 12 მარტს გამოაცხადებს.




























