აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანელ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც საპროტესტო აქციების დარბევაში ადანაშაულებს და განაცხადა, რომ აკონტროლებს ირანელი ლიდერების თანხების საერთაშორისო ბანკებში გადარიცხვებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელს, ალი ლარიჯანის, ასევე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და სამართალდამცავი ძალების მეთაურებს, რომლებსაც ვაშინგტონი საპროტესტო გამოსვლების დარბევის არქიტექტორებად მიიჩნევს.
ასევე, დასანქცირებულია 20-მდე ფიზიკური პირი და კომპანია, რომლებიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ჩართული არიან ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში.
ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების ფარგლებში გაიყინება ამ პირების აქტივები აშშ-ში და ამერიკის მოქალაქეებისთვის მათთან საქმიანი ურთიერთობა უკანონოდ ცხადდება. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ირანი ისედაც იყო მკაცრი სანქციების ქვეშ, ახალი ზომები ძირითადად სიმბოლურია, მაგრამ ეს საპროტესტო აქციების ფონზე ირანზე აშშ-ის მზარდი ზეწოლის სიგნალია.




























