ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მოლდოველ ოლიგარქებს, ვალდიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორის სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი, ვლადიმირ პლახოტნიუკი პოლიტიკურ გავლენებს ბოროტად იყენებდა და ქვეყნის საარჩევნო პროცესსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა.
უფრო კონკრეტულად, მას ბრალად ედება: კრემლის პოლიტიკის გატარება, მოსამართლეებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მოსყიდვა, კორუფციული სქემების ორკესტრირება, არჩევნების მანიპულაცია და ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართულად ხელის შეშლა.
ოლიგარქების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 7 პიროვნებასა და 12 იურიდიულ სუბიექტს - ყოველ მათგანს ბრალად ედება: კრემლის პოლიტიკის გატარება, კორუფცია და მოსყიდვა.
ცნობისთვის, პლახოტნიუკმა ოფიციალური პოლიტიკური კარიერა 2019 წელს, პაველ ფილიპის მთავრობის გადადგომის დროს დაასრულა. რაც შეეხება ილან შორის, მას 2017 წელს მოლდოვის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მან ქვეყნის დატოვება მოახერხა და ამჟამად მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.




























