აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა ბელორუსულ ავიაკომპანია Belavia-ს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ ცნობილი მინსკში ჯონ კოულისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ნაწყვეტი შეხვედრიდან ბელორუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ ათობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. ტრამპის წარმომადგენელსა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა კი მას შემდეგ შედგა, რაც 1 თვის წინ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ბელარუსის პრეზიდენტს თავად აშშ-ის პრეზიდენტი ესაუბრა.
"მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ მოვხსენით სანქციები Belavia-ს წინააღმდეგ. ეს ოფიციალური გადაწყვეტილებაა. შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და ამ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო და თქვა: „გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ“. გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია და მიღებულია ამ საკითხში ჩართული ყველა შესაბამისი სამინისტროსა და სააგენტოს მიერ", - აღნიშნა ჯონ კოულმა.
როგორც ცნობილია, მინსკმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც უკვე ლიეტუვაში იმყოფებიან - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნეუსედამ გაავრცელა.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არიან ლიეტუვის ექვსი, ლატვიის, პოლონეთისა და გერმანიის - ორი, ხოლო საფრანგეთისა და ბრიტანეთის თითო მოქალაქე.




























