ვაშინგტონმა ბრაზილიური პროდუქციის უდიდეს ნაწილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება, რომელიც 22 ივლისიდან ამოქმედდება თეთრმა სახლმა იმ ერთწლიანი გამოძიების შემდეგ მიიღო, რომელიც ბრაზილიის მხრიდან შტატებისადმი ე.წ. უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას უკავშირდებოდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ახალი შეზღუდვები ბრაზილიის ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოლიტიკასაც უკავშირდება. კერძოდ, საუბარია ბრაზილიური მარეგულირებლების მიერ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის X-ს, Meta-სა და Google-ის წინააღმდეგ მოკვლევების დაწყებაზე. ასევე ლულა და სილვას მთავრობის მიერ მექსიკისა და ინდოეთისთვის დაწესებულ შეღავათებზე, რაც შტატების ინტერესებს უქმნის პრობლემას.
საყურადღებოა, რომ 25%-იანი ტარიფები საქონლის ხორცს, ფორთოხლის წვენს, თვითმფრინავებისთვის განკუთვნილ სანავიგაციო ნაწილებსა და ენერგორესურსებს არ შეეხება.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლობის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვებით მოხერხდება ამერიკის მოქალაქეებისა და ამერიკული კომპანიების უფლებების დაცვა.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა ახალი შეზღუდვების დასაწესებლად 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლი გამოიყენა, ის კი კონგრესის დამატებით ნებართვას არ საჭიროებს.




























