ფულის გამოძალვასა და კიბერდანაშაულში ხელშეწყობის გამო, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ რუსული ინტერნეტ-ჰოსტინგის სერვისების პროვაიდერი კომპანია Zservers დაასანქცირა.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, Zservers სამი ქვეყნის მიერ გამომძალველთა ინტერნეტ-პროგრამა LockBit-ის კიბერთავდასხმებში შესრულებული როლის გამო დასანქცირდა. თავად LockBit კი რუსეთში დაფუძნებული დაჯგუფებაა, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეებით არის ცნობილი და 2023 წლის ნოემბერში ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.
როგორც OFAC-ის განცხადებაშია განმარტებული, Zservers იმ ტიპის სერვერებსა და ინფრასტრუქტურას ყიდის, რომელიც კიბერთაღლითებს იცავს სამართალდამცავი ორგანოებისგან.
სანქცირებული არიან Zservers-ის ადმინისტრატორები, რუსეთის მოქალაქეები ალექსანდერ მიშინი და ალექსანდერ ბოლშაკოვი.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სამმა ქვეყანამ ერთობლივი სანქციები დაუწესა ფულის გამოძალვაში მხილებულ რუს აქტორებს. გასულ წელს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ალექსანდერ ერმაკოვი დაასანქცირეს, რომელიც ავსტრალიურ სადაზღვევო კომპანია Medibank-ზე კიბერშეტავაზე იყო პასუხისმგებელი.
სანქციების ქვეშ ექცევა სანქცირებულ პირთა პირადი ქონება, რომელიც მათ აშშ-ში აქვთ. ასევე სანქცირდება ნებისმიერი კომპანია, რომლის მინიმუმ 50%-საც მიშინი ან ბოლშაკოვი აშშ-ის ფარგლებში ფლობენ. შეიზღუდება გარკვეული ტრანსაქციები და აქტივობებიც.