შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, პამ ბონდიმ გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც გააუქმა FBI-ის ის ჯგუფი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა.
ბონდის გადაწყვეტილებით, იუსტიციის დეპარტამენტი ეროვნული უსაფრთხოების დივიზიაში ცვლილებებს შეიტანს და რესურსებს სხვა მიმართულებით გადაანაწილებს. შესაბამისად, ცვლილება შეეხო ფედერალური გამოძიების ბიუროს უცხოური გავლენის სამუშაო ჯგუფსაც: "იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან გასამკლავებლად, და რათა შეწყდეს მომავალში საპროკურორო უფლებამოსილების ბოროტად და იარაღად გამოყენება".
მემორანდუმი თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტი FARA-ს, ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის (Foreign Agents Registration Act) ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობების წარმომადგენლები სჩადიან.
FBI-ში უცხოური გავლენის სამუშაო ჯგუფი ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ 2017 წელს ჩამოაყალიბა, მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული დაზვერვის სამსახურმა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტის სისტემებში შეაღწია და საარჩევნო პროცესებში ჩარევა ამ გზით სცადა.
ცნობისთვის, FARA-ს თანახმად, ნებისმიერი პირი, ვინც აშშ-ში წარმოადგენს უცხო ქვეყნის მთავრობას, ან უცხო ქვეყნის მთავრობისგან იღებს ანაზღაურებას, "უცხოელი აგენტების" რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს და შესაბამისი ინფორმაცია ფედერალურ მთავრობას უნდა გაუზიაროს.