ამერიკელი პროკურორები ვენესუელის გადაყენებულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების სავარაუდო წამებისთვის ახალ ბრალდებებს წაუყენებენ - ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება მადუროს 13-წლიანი მმართველობის პერიოდში ათზე მეტი ამერიკელის უკანონო დაკავებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.
პროკურატურა ბრალდებების წაყენებას განიხილავს სხვა პირების წინააღმდეგაც, რომლებიც, სავარაუდოდ, წამებაში მონაწილეობდნენ. სხვა პოტენციური ბრალდებებისა და სავარაუდო მსხვერპლთა შესახებ დეტალები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.
პარალელურად, მიმდინარე კვირას 69 წლის სილია ფლორესი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, სადაც მოსამართლეს ციხიდან გათავისუფლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შინაპატიმრობაში გადაყვანას სთხოვს.
მისი ადვოკატების თქმით, პატიმრობაში ყოფნისას მან 11 კილოგრამი დაიკლო, აწუხებს თავბრუსხვევა და სუნთქვის უკმარისობა, ივლისში კი შესაძლოა მსუბუქი ინფარქტიც გადაიტანა. დაცვის მხარემ პროკურატურას შესთავაზა, რომ ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ რეზიდენციაში, 24-საათიანი დაცვის ქვეშ დარჩეს.
თუმცა პროკურატურა მოთხოვნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ფლორესის მხრიდან არსებობს "მიმალვის ექსტრემალური რისკი და საზოგადოებისთვის საფრთხე". მათი განმარტებით, პატიმრობაში ყოფნისას ბრალდებულს საჭიროებისამებრ საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა უტარდება.
63 წლის მადურო და მისი მეუღლე ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში იმყოფებიან და მომავალი წლის ივნისში დანიშნულ სასამართლო პროცესს ელიან.
წყვილი 3 იანვარს, კარაკასში მდებარე მათ რეზიდენციაზე შუაღამისას განხორციელებული უპრეცედენტო რეიდის შედეგად დააკავეს. ამის შემდეგ ისინი ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებები აქვთ წაყენებული. მადურო დანაშაულს არ აღიარებს, საკუთარ თავს "სამხედრო ტყვეს" უწოდებს, ხოლო დაკავებას - "გატაცებას".
























