მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა Gunvor-ის მიერ Lukoil-ის აქტივების შესყიდვის $22-მილიარდიანი გარიგება დაბლოკა

ლუკოილი

აშშ-მა დაბლოკა კომპანია Gunvor-ის წინადადება Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ის ხაზინის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, Gunvor-ი კრემლის მარიონეტს წარმოადგენს და კომპანია დღემდე რუსული გავლენის ქვეშ ოპერირებს, შესაბამისად მასზე ლიცენზიას ვერ გასცემენ.

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების 22 მილიარდ დოლარად შესყიდვის წინადადება კვიპროსულ-შვეიცარიულმა კომპანია Gunvor-მა დააყენა.

ნავთობით მოვაჭრე Gunvor Group-ი შვედი ბიზნესმენის, ტორბიონ ტორნგქვისტის და რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. კომპანიის თანახმად, ტიმჩენკო 2014 წლიდან მათი აქციონერი აღარაა და მისი ძირითადი მფლობელი თავად ტორნგქვისტია. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს Gunvor-ის შემოსავალი 136.5 მილიარდი დოლარი იყო, მოგება კი 750 მილიონი დოლარი. Forbes-ის თანახმად, ტორბიონ ტორნგქვისტის ქონება 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აშშ-მა Lukoil-ს ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკისრა, ამასთან მიუთითა, რომ კომპანიას აძლევს ერთთვიან გარდამავალ პერიოდს, 2025 წლის 21 ნოემბრამდე, რათა მისი საერთაშორისო აქტივები გაყიდოს. აღნიშნული თარიღის შემდეგ Lukoil-ის შვილობილები, რომლებიც რუსეთს გარეთ იმყოფებიან საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებენ. მათ შორის ოპერაციები შეუჩერდება ლუკოილ საქართველოსაც. გასულ წელს "ლუკოილის" შემოსავალმა საქართველოს ბაზარზე 762.5 მილიონ ლარს მიაღწია (წლიური ზრდა 279 მლნ ლარი). კომპანია საქართველოში 24 საკუთრებაში არსებული, 26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს.

ცნობისთვის, LUKOIL-ის ავტოგასამართ სადგურების ქსელი რუსეთის მიღმა, შემდეგ ქვეყნებში ოპერირებს: ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი და სერბეთი - ჯამში 750-ზე მეტ ლოკაციაზე. ასევე Lukoil-ი ფლობს ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს ევროპაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები