ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, აშშ-ის მთავრობამ ინდოეთისთვის დროებით შეზღუდვების შეუმსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მათ რუსული ნავთობის შესყიდვის საშუალება მისცემს. ხაზინის მდივან სკოტ ბესენტის განმარტებით, ეს 30-დღიანი გამონაკლისი „მოკლევადიანი ზომა“ იქნება, რომელიც მიზნად გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების შენარჩუნებას ისახავს.
შეგახსენებთ, ამ ნაბიჯის გადადგმის საჭიროება გააჩინა ფაქტმა, რომ ჰორმუზის სრუტეზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულ ქვეყანას ომის დაწყების გამო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე შეექმნა. ცნობისთვის, აზიური სახელმწიფოს ნედლი ნავთობისა და გაზის იმპორტის თითქმის ნახევარი სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მოდის. კერძოდ, დღეში 2.5-დან 2.7 მილიონ ბარელამდე. მთავარი პარტნიორები კი ერაყი, საუდის არაბეთი, საამიროები და ქუვეითი არიან.
როგორც ირკვევა, ამჟამად არსებული მარაგები ქვეყანას მხოლოდ 25 დღეს ეყოფა, რის გამოც ინდოეთის უმსხვილესმა იმპორტიორებმა, როგორებიც არიან Petronet LNG-ი და Gail-ი, ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების შეზღუდვა უკვე დაიწყეს. ექსპერტების შეფასებით, სანქციების დროებითი მოხსნა ნიუ-დელის საშუალებას მისცემს, მიიღოს ზღვაში მყოფი დაახლოებით 145 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი, რაც ენერგეტიკულ კრიზისს დროებით შეამსუბუქებს.
ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მანამდე ინდოეთს რუსული ენერგორესურსების შესყიდვის გამო 50%-იანი ტარიფები დაუწესა. თუმცა, ირანთან ომის ფონზე, რომელიც შესაძლოა 4-5 კვირა ან მეტხანს გაგრძელდეს, ვაშინგტონი სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, პრიორიტეტი გლობალური ენერგობაზრის სტაბილურობას მიანიჭოს.




























