აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციების შესაძლო შემსუბუქების საკითხს სატვირთო გადაზიდვების რეკორდულად გაზრდილი ტარიფების შემცირების მიზნით განიხილავს.
საუბარია იმ ხომალდებზე, რომლებითაც რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხორციელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში დაწყებული მოლაპარაკებები სანქცირებული ტანკერებით მხოლოდ ლეგალური, ანუ შეზღუდვების არმქონე ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქტების ტრანსპორტირების დაშვებას ითვალისწინებს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთს ენერგორესურსების ექსპორტში არ დაეხმარება. ინიციატივის მთავარი ამოცანა კი სპარსეთის ყურის რეგიონიდან ნედლეულის გატანის გაზრდა იქნება, რადგან მაღალმა ლოგისტიკურმა ხარჯებმა ამერიკულ ნედლ ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული გეგმის პრაქტიკაში ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიებს სანქცირებული გემების ექსპლუატაციისთვის სპეციალური ნებართვის მიღება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში მოუწევთ. თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გემების დამზღვევ ორგანიზაციებზე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციები კვლავ გავრცელდება.
























