მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს სანქციები დაუწესა

აშშ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხი გააფართოვა და ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო ინდუსტრიებს სანქციები დაუწესა.

როგორც ირკვევა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეკონომიკური შეზღუდვები ამჯერად ზღვიდან ხმელეთზე იმიტომ გადაიტანა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის ფონზე თეირანი ნავთობპროდუქტების, სასუქებისა და ქიმიკატების გადასაზიდად სწორედ სახმელეთო მარშრუტებს ეყრდნობა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სწორედ ეს ლოგისტიკური ალტერნატივები ამოიღო მიზანში.

ახალი სანქციების სამიზნე ქვეყნის ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, Iran Khodro Company და SAIPA გახდნენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს კომპანიები ირანის შიდა საავტომობილო ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებენ. შეზღუდვების სიაში მოხვდა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Islamic Republic of Iran Railway Company, რომელიც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პარალელურად, ვაშინგტონმა სიაში სამგზავრო გადამზიდი Raja Passenger Trains Company და წამყვანი კერძო სატვირთო ხაზი Railway Transportation Company შეიყვანა. ამას გარდა, ამერიკული სანქციები შეეხო თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინდონეზიაში მომუშავე იმ უცხოურ მომწოდებლებს, რომლებიც ირანის საავტომობილო ინდუსტრიას საჭირო დეტალებით ამარაგებდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ ზომებს სტრატეგიულ დარტყმად განიხილავს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, მიღებული ზომები მიზნად რეჟიმის ფინანსური შემოსავლების საბოლოო განადგურებას ისახავს.

ცნობისთვის, ახალი შეზღუდვები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 24 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის, „ეკონომიკური განდევნილის“ ნაწილია. ეს ინიციატივა მიზნად ომის, სარაკეტო პროგრამების, კიბერთავდასხმებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაფინანსების სრულ შეწყვეტას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები