ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა. აღსანიშნავია, რომ ჯანმოდან გამოსვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ წელს, აღმასრულებელი დადგენილების ხელმოწერით გააფორმა, თუმცა ყველა იურიდიული თუ ტექნიკური საკითხის გავლას 12 თვემდე პერიოდი დასჭირდა.
ცნობისთვის, გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად ტრამპმა ორგანიზაციის მიერ კოვიდ პანდემიის არადამაკმაყოფილებლად მართვა დაასახელა. როგორც შტატების ლიდერმა მაშინ აღნიშნა, ჯანმომ ვერ მოახერხა მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევის თავიდან არიდება, შესაბამისად მომზადება და შემდგომ ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
“ყველა იმ დანაშაულთან ერთად, რაც ამ ორგანიზაციას აქვს ჩადენილი პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რომ ის ჩინეთის ინტერესებს განსაკუთრებით იცავდა და უარს აცხადებდა საჭირო რეფორმების გატარებაზე” - აღნიშნავდა ტრამპი ჯანმოდან გამოსვლის მიზეზების დასახელებისას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების პარალელურად, ოფიციალურად შეწყდა შტატების მიერ მისთვის ყოველწლიური დაფინანსების მიწოდების პროცესიც. ამასთან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა გამოითხოვა ყველა სპეციალისტი და შეაჩერა ის ასობით პროგრამა, რომელსაც ჯანმო სწორედ შტატების თანხებისა და ექიმების დახმარებით ახორციელებდა მსოფლიოს მასშტაბით.
აშშ-ს მიერ ორგანიზაციის დატოვებას უკვე გამოეხმაურნენ თავად ჯანმოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ შტატების პროცესიდან გასვლა უარყოფითად აისახება არამარტო გლობალური ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობაზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, რომელსაც აღარ ექნება წვდომა იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებსაც ორგანიზაცია მის გარეშე დანერგავს. შესაბამისად, პანდემიის მსგავსი გამოწვევის პირობებში, ქვეყანა მოსალოდნელი რისკებისადმი გაცილებით მოუმზადებელი იქნება.




























