აშშ-მა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, მიგრანტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ სახელმწიფოში გაადეპორტეს. Deutsche Welle წერს, რომ მათი დეპორტაცია იმ შეთანხმების საფუძველზე მოხდა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია.
"ხუთშაბათს ღამით ლუიზიანადან გამგზავრებულ რეისს დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი გადაჰყავდა, მათ შორის ირანელი დემოკრატიის მომხრე აქტივისტი, განაცხადა ამ უკანასკნელის ადვოკატმა.
ირან-ამერიკის სამართლებრივი დაცვის ფონდის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, ალი რაჰნამას თქმით, რეისზე სხვა მიგრანტებს შორის იყვნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს და ავღანეთის მოქალაქეები", - წერია გერმანული გამოცემის სტატიაში.
თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათამდე (21:00 GMT) დაეშვა, განას დედაქალაქ აკრაში გაჩერების შემდეგ, ნათქვამია Human Rights First-ის მიერ ICE Flight Monitor-ის ჩანაწერებში.
დეპორტირებული პირების განთავსების ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი.
ამასთან, როგორც DW წერს, აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ Associated Press-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით ბანგიში, საელჩოს შენობის მახლობლად მშენებარე მეხანძრეების ბაზაზე იმყოფებოდა. სხვები სხვა ადგილებში უნდა განთავსებულიყვნენ.
წყაროს ცნობით, მათი ჩასვლისთანავე, მამაკაცები და ქალები ერთმანეთისგან დააშორეს.
„მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადგილთან. ჩემს ყველა დოკუმენტში უამრავი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში იყო ეს“, - განუცხადა Reuters-ს ირანელი დეპორტირებული აქტივისტის ადვოკატმა, ემილი ტროსტლმა.
„ეს პირები შეერთებული შტატებიდან გააძევეს და მიატოვეს ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ სტატუსი, არანაირი კავშირი და არანაირი დამხმარე ქსელი. ჩვენ ვშიშობთ, რომ საბოლოოდ ისინი იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ“, - დასძინა მან.
bm.ge საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საკითხის გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.




























