აშშ-მა რუსეთის ორ მოქალაქეს და სამ კომპანიას სანქციები დაუწესა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის გადატანის ხელშეწყობაა. საუბარია რაფაელ ღაზარიანზე და მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე - “ტრანს კაპიტალსა” და “რაფორტზე”. ასევე, ალექსეი ბუდნევზე და მის კომპანია “ტექნოლოგიაზე”. სანქციების თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აშშ-ში ქონება და აქტივები დაებლოკება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააღრმავეს სამხედრო თანამშრომლობა: “ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკურ იარაღით უზრუნველყოფს. ეს სანქციები შეეხება ინდივიდებს და კომპანიებს, რომლებიც ამ სამხედრო თანამშრომლობას უწყობს ხელს. რუსეთში მდებარე ქსელების მეშვეობით ეს აქტორები ცდილობენ აირიდონ სანქციები კომპანიების გამოყენებით სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად, რათა მხარი დაუჭირონ რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის როლს ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. “შეერთებული შტატები გააგრძელებს ქმედებებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც ცდილობს ხელი შეუწყოს იარაღისა და სხვა მასალის გადაზიდვას რუსეთის ომის გასააქტიურებლად“, - აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.