რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ მდინარე ტუმენზე ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სასაზღვრო გადასასვლელი მოსკოვსა და ფხენიანს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამოქმედდა.
ცნობისთვის, აქამდე მეზობელ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ პირდაპირი სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა არსებობდა. ახალი პროექტი კი მიზნად ორმხრივი სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას ისახავს.
საყურადღებოა, რომ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ონლაინ ჩართვით რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი დაესწრო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება სავაჭრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.
შეგახსენებთ, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საგრძნობლად გაძლიერდა. სამხედრო პარტნიორობის ფარგლებში, ფხენიანმა კურსკის ოლქში უკრაინული ძალების მოსაგერიებლად ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.
ცნობისთვის, ახალ ხიდს საბჭოთა არმიის ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა. საბჭოთა სამხედრომ 1946 წელს ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი კიმ ირ სენი სიკვდილს გადაარჩინა. ახალი ობიექტის მშენებლობა 1959 წელს აგებული სარკინიგზო ხიდის სიახლოვეს, 2025 წლის აპრილში დაიწყო.




























