აშშ-მ რუსეთის საზღვაო ძალებს სანქციები დაუწესა. სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ჯერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, შემდეგ კი კონგრესის გაერთიანებულ სესიას სიტყვით მიმართა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის პორტებს ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევენ, მათ შორის მსოფლიოსთვის ასე საჭირო მარცვლეულის ექსპორტის კუთხითაც. სწორედ ამიტომ აშშ-მ საზღვაო ძალების ათ დანაყოფს სანქციები დაუწესა. ამ დრომდე უკრაინის ოდესის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
კერძოდ, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.




























