ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში, კერძოდ ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის სავარაუდო ფატალური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ცნობების მონიტორინგი დაიწყო. საუბარია ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტის, დარია შიპილოვას გარდაცვალებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვითარებაზე დაკვირვების დაწყება ოფიციალურად დაადასტურეს და მოსკოვს ზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ და ღიად გაზიარებისკენ მოუწოდეს. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი პროცესებს აქტიურად აკვირდება და მოსკოვის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების ეფექტურობას სწავლობს.
შეგახსენებთ, ციმბირული გამოცემა Люди Байкала-ს ცნობით, ლაბორანტმა 25 სექტემბერს მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. დარია შიპილოვა მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, Роспотребнадзор-მა ლაბორატორიული ავარიის ფაქტი უარყო და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია დაასახელა. ოფიციალური უარყოფის მიუხედავად კი ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოაქცია.
























