მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცა - რას მოიცავს ხელმოწერილი შეთანხმება?

დონალდ ტრამპი / მუჰამედ ბინ სალმანი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო ბირთვული პროგრამის ფარგლებში ურანის გამდიდრების უფლებას მისცემს. 30 წელზე გათვლილი დოკუმენტის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის უდიდეს არაბულ სახელმწიფოში ბირთვული ობიექტების მშენებლობას ამერიკული კომპანია Westinghouse-ი გაუძღვება.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერი ამ ინიციატივის დამტკიცების თხოვნით აშშ-ის კონგრესს უახლოეს ხანში მიმართავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ირანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე მიიღეს, რაც პროცესს დამატებით პოლიტიკურ დაძაბულობას სძენს. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ შტატების ბოლოდროინდელმა სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში ვითარება გაართულა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება. კონგრესის დემოკრატ ტევრებს, სავარაუდოდ, კითხვები ექნებათ რადგან საუდის არაბეთის მხრიდან ურანის გამდიდრების პროცესის მონიტორინგთან და მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ თუ ახალი შეთანხმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გაძლიერებულ ინსპექტირებას არ მოიცავს, ეს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას საფრთხის წინაშე დააყენებს. თავის მხრივ, ოფიციალურ ერ-რიადს წარსულში არაერთხელ განუცხადებია, რომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში, საკუთარი ატომური ბომბის მოპოვებას ან შექმნას ისიც შეეცდებოდა.

ცნობისთვის, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, კონგრესს აქვს უფლება, რომ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებები შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს. საყურადღებო ფაქტია, რომ საუდის არაბეთისთვის მსგავსი ნებართვის გადაცემას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც განიხილავდა, თუმცა მაშინ წინაპირობად ერ-რიადის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება სახელდებოდა, რაზეც ქვეყნის ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები