აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათს ტრანსკასპიური საწარმოების ფონდის (Trans-Caspian Enterprise Fund) ამოქმედება დააანონსა და განაცხადა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის გასწვრივ.
რუბიომ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირველი წლისთავთან დაკავშირებით.
რუბიოს განცხადებით, ფონდი უკვე სრულად ამოქმედებულია და აშშ-ის მთავრობისგან გამოყოფილი 201 მილიონი დოლარის დაფინანსება.
"ერთი წლის წინ, ამ დღეს, პრეზიდენტმა ტრამპმა უზრუნველყო მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, როდესაც მან თეთრ სახლში უმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მათი ისტორიული ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას დაესწრო. ამ დეკლარაციამ სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს ბოლო მოუღო და საფუძველი ჩაუყარა ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს (TRIPP).
ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში შეერთებული შტატები სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მუშაობდა ამ დაპირების რეალობად ქცევაზე. TRIPP - მრავალმოდალური სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც მოიცავს რკინიგზის, საავტომობილო გზების, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას - რეალობად ქცევის გზაზეა. სომხეთში რკინიგზის საინჟინრო კვლევები უკვე მიმდინარეობს, ხოლო აზერბაიჯანმა თითქმის დაასრულა ავტომაგისტრალისა და რკინიგზის მშენებლობა, რომლებიც სომხეთს დაუკავშირდება.
მშვიდობამ კარი გაუხსნა შეერთებულ შტატებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რაც სამივე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ტრანსკასპიური საწარმოების ფონდი (Trans-Caspian Enterprise Fund) უკვე ფუნქციონირებს. მას ხელმძღვანელობს ახლად არჩეული დირექტორთა საბჭო და მისი კაპიტალი შეადგენს 201 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც აშშ-ის მთავრობისგან გამოიყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) ფარგლებში, კერძო სექტორის ინვესტიციების წასახალისებლად.
ეს პროგრესი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ასახავს: მშვიდობა და კეთილდღეობა ერთმანეთს აძლიერებს. TRIPP მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, კომერციული შესაძლებლობების მამოძრავებელი ძალაა შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებისთვის და წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია ეკონომიკურ თანამშრომლობას ხანგრძლივი დავების მოგვარების შემდეგ მშვიდობის განმტკიცება.
შეერთებული შტატები სრულად არის ერთგული, გააგრძელოს მუშაობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა მათ ეს საფუძველი კიდევ უფრო განავითარონ. ჩვენ ვულოცავთ ორივე ქვეყანას იმ გამბედაობასა და ხედვას, რომელიც მათ გასული წლის განმავლობაში გამოავლინეს, და მოუთმენლად ველით შემდგომ პროგრესს სამხრეთ კავკასიაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ",- აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.




























