მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა "ტრამპის ოქროს ბარათის" პროგრამა აამოქმედა - რა ეღირება ახალი ვიზა?

ტრამპის ოქროს ვიზა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აამოქმედა "ტრამპის ოქროს ბარათის" (Trump Gold Card) სავიზო პროგრამა, რომელიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე პირებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლებას დაჩქარებული წესით აძლევს.

ვებგვერდი Trumpcard.gov დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, განაცხადის დაჩქარებული განხილვისთვის, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს $15 000 დოლარის ოდენობის მოსაკრებელი გადაუხადონ.

საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, ვიზის მისაღებად განმცხადებლებმა $1 მილიონი დოლარის ოდენობის "შემოწირულება" უნდა გაიღონ - რასაც ვებგვერდი "საჩუქარს" უწოდებს. ეს ვიზა "მწვანე ბარათის" ანალოგიურია და მფლობელს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.

დონალდ ტრამპმა "ოქროს ბარათის" პროგრამაზე პირველად წლის დასაწყისში ისაუბრა. ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ის ვიზას $5 მილიონის სანაცვლოდ მიიღებდნენ. პროგრამის საბოლოო ვერსიით, $5 მილიონი "ოქროს ბარათის" პლატინის ვერსია ეღირება, რომელიც მფლობელებს ერთი ვიზიტის დროს აშშ-ში 270 დღის გატარების უფლებას აძლევს, არაამერიკული შემოსავლის დაბეგვრის გარეშე.

"პრინციპში, ეს იგივე "მწვანე ბარათია", ოღონდ ბევრად უკეთესი. ბევრად უფრო მძლავრი და ძლიერი გზა. ასეთი გზის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი შესანიშნავი ხალხი უნდა იყვნენ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, წინასწარი რეგისტრაციის პერიოდში "ოქროს ბარათზე" უკვე დარეგისტრირდა დაახლოებით 10 000 ადამიანი და მოსალოდნელია, რომ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"ველოდები, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ასეთ ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მოვიზიდავთ", - განაცხადა ლუტნიკმა Reuters-თან მოკლე ინტერვიუში.

ლუტნიკის განცხადებით, "ოქროს ბარათის" პროგრამა შეერთებულ შტატებში ისეთ ხალხს ჩამოიყვანს, ვინც ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. მან ისინი "რიგითი" "მწვანე ბარათის" მფლობელებს შეადარა, რომლებიც, მისი მტკიცებით, საშუალო სტატისტიკურ ამერიკელზე ნაკლებს გამოიმუშავებენ და უფრო ხშირად სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური დახმარებით.

ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბურ მკაცრ ზომებს ატარებს, რაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ასობით ათასი ადამიანის დეპორტაციას და ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვას გულისხმობს.

"ოქროს ბარათის" პროგრამა ტრამპისეული ვერსიაა ამ პოლიტიკის დასაბალანსებლად, რომლის მიზანიც აშშ-ის ხაზინისთვის თანხების მობილიზებაა - ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტის თქმით, ეს მისმა სატარიფო პროგრამამ წარმატებით განახორციელა.

ლუტნიკმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს "ოქროს ბარათის" კორპორაციული ვერსიაც, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, თანამშრომლებისთვის დაჩქარებული ვიზები მიიღონ, თითოეულ დასაქმებულზე 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები