მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ვენესუელასგან $100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იყიდა

აშშ და ვენესუელა

ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მდივანმა, დუგ ბურგუმმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელასგან $100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა და აშშ-ის გადასამუშავებელი ქარხნებისთვის წამოიღო.

მხარეებს შორის აღნიშნული გარიგება მიმდინარე თვის დასაწყისში დაიდო, როცა ბურგუმი ნავთობისა და სამთო მოპოვების სექტორის ხელმძღვანელებთან ერთად ვენესუელას ეწვია. მაშინ ის ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტ დელსი როდრიგესს შეხვდა და მასთან 10-საათიანი მოლაპარაკებები გამართა.

ჰიუსტონში ჩატარებულ ენერგეტიკულ კონფერენცია CERAWeek-ზე მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ორ ქვეყანას შორის მსგავსი სახის გარიგება დაიდო. მისივე თქმით, ფიზიკური ოქრო ამერიკულ საწარმოებში კომერციული და სამომხმარებლო მიზნებისთვის გამოიყენება.

როგორც ირკვევა, ოფიციალური ვაშინგტონი ვენესუელის სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტირების დიდ პოტენციალს ხედავს, რაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, ნავთობის რესურსებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მთავარი გარანტი უნდა გახდეს. ბურგუმის განცხადებით, ვენესუელას სამთო ინდუსტრია ამჟამად ჩამოქცეულია და მას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ, რაც გარემოს დაცვის კუთხით კატასტროფულ შედეგებს იწვევს. მდივნის თქმით, როდრიგესი ამ მოცემულობას იაზრებს და განსაკუთრებულადაა დაინტერესებული, რომ სექტორში ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ვენესუელას შორის მრავალწლიანი დაპირისპირება მას შემდეგ დასრულდა, რაც იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ამერიკულმა ძალებმა ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავეს. ტრამპის ადმინისტრაციამ ვიცე-პრეზიდენტ როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობა მალევე დაიწყო და ამჟამად მოლაპარაკებები როგორც ნავთობისა თუ სხვა რესურსების შესყიდვაზე, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სამომავლო არჩევნებზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები