მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

დელსი როდრიგესს

ვაშინგტონმა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო შეზღუდვები ოფიციალურად გააუქმა. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა როდრიგესი ე.წ. „სპეციალურად დანიშნულ პირთა” სიიდან უკვე ამოიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების პროცესის ნაწილია და ის პირდაპირ კავშირშია ფაქტთან, რომ როდრიგესმა ტრამპის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლა. სანქციების მოხსნის ფონზე, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ამერიკულ კომპანიებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობა თავისუფლად შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა დელსი როდრიგესი ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად მიმდინარე წლის მარტში აღიარა. პროცესების ამგვარი განვითარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 3 იანვარს კარაკასში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკოლას მადურო დააკავეს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ როდრიგესი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს აქტიურად ასრულებს და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ამერიკული კორპორაციებისთვის გახსნისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს. აღსანიშნავია, რომ როდრიგესის სანქცირებულთა სიიდან ამოღებამდე რამდენიმე დღით ადრე შტატებმა კიდევ ერთი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, კარაკასში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.

ცნობისთვის, დელსი როდრიგესი მადუროს მმართველობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იგი ქვეყნის ლიდერის მოკავშირეთა ვიწრო წრეში შედიოდა და 2018 წელს სწორედ ამის გამო დასანქცირდა. სანქციების დადებიდან 8 წლის თავზე როდრიგესმა პოზიცია შეიცვალა და ის ამჟამად ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა. მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტისთვის სანქციების მოხსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები