ამერიკის შეერთებული შტატები მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიგრანტების მიღებას დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს დილით გამოაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოებს მოიაზრებს აღნიშნულ კატეგორიაში, თუმცა, სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც.
როგორც პრეზიდენტი ტრამპი განმარტავს, გადაწყვეტილების მიზანი “ამერიკული სისტემის ფუნქციონირების აღდგენაა”. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა არამოქალაქე ადამიანისთვის ფედერალური შეღავათების მიწოდება შეწყდება, ხოლო იმ მიგრანტებს, რომლებიც სამოქალაქო წესრიგს საფრთხეს უქმნიან ან დასავლური ცივილიზაციისთვის შეუსაბამონი არიან, ქვეყნიდან გააძევებენ.
“ჩვენ გავაძევებთ ნებისმიერს, ვისაც აშშ-ისთვის სარგებელი არ მოაქვს ან არ შეუძლია, რომ ეს ქვეყანა უყვარდეს. გავაუქმებთ ყველა ფედერალურ დახმარებასა თუ სუბსიდიას, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის არამოქალაქო მცხოვრებლები იღებენ. დენატურალიზდება ყველა ის მიგრანტი, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის. ასევე, ქვეყნიდან გაიდევნება ყველა ის უცხოელი, ვინც სოციალური შემწეობით არსებობს, უსაფრთხოების რისკს ქმნის, ან არ შეესაბამება დასავლურ ცივილიზაციას."
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლა უძღოდა, როცა ავღანური წარმოშობის არალეგალმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების ოფიცრებს ჩასაფრება მოუწყო და ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ავღანური წარმოშობის ყველა მიგრანტის ხელახლა შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, 29 წლის რამანულა ლაკანვალი, რომელიც ტრამპის მტკიცებით შეერთებულ შტატებში 2021 წელს, არალეგალური გზებით შევიდა, ავღანეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-სთვის მუშაობდა.




























