უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რუსეთისთვის აღმოსავლეთ დონბასის სრული რეგიონის დათმობის მოსთხოვა.
Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის გარანტიების მაღალ დონეზე გასაფორმებლად მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინა აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დათანხმდება. პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯით რუსეთის ხელში საკვანძო თავდაცვითი პოზიციები აღმოჩნდება, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად დაასუსტებს.
როგორც ირკვევა, უკრაინის მიერ დონბასის დათმობა იმ 28-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-მა კიევსა და მოსკოვს გასულ წელს წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტი ომის დასრულებიდან 100 დღის ვადაში უკრაინაში არჩევნების ჩატარებასაც ითვალისწინებს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიაზე დიდი გავლენა იქონია და ვაშინგტონის ფოკუსი მკვეთრად შეცვალა. შეცვალა და, პარალელურად, უკრაინულ მხარეზე ზეწოლის გაზრდა განაპირობა. უკრაინის ლიდერი შიშობს, რომ მოსკოვი სწორედ თეთრი სახლის მხრიდან მოლაპარაკებებისადმი ინტერესის დაკარგვაზე დებს ფსონს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობები წითელ ხაზად რჩება.
Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ვაშინგტონს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მუდმივი დაბომბვების ფონზე რესურსები არასაკმარისია.
აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლს უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებებზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუჟღერებია.




























