მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მსოფლიოს ნავთობიმპორტიორებს ემუქრება - Bloomberg

აშშ

ნავთობტანკერების ბერძენმა მფლობელებმა გადაზიდული რუსული ნედლეულის რაოდენობა ეტაპობრივად შეამცირეს, რამაც, შესაძლოა, რუსული საწვავის გლობალურ ბაზრებზე განაწილებას ხელი შეუშალოს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ ბერძნული ნავთობტანკერების (ნავთობის და სხვა თხევადი ტვირთის გადამზიდავი გემები) რაოდენობა, რომლებიც საწვავს რუსეთიდან ეზიდებიან, მიმდინარე კვარტალში კიდევ უფრო შემცირდება და ივლისის მაჩვენებლებზე 60%-ით ნაკლები იქნება. სატრანსპორტო საშუალებების ასეთი მკვეთრი შემცირება კი, სავარაუდოდ, კრემლში განგაშის სიგნალს გააჟღერებს, რადგან რუსეთს კვლავ სჭირდება საერთაშორისო დონის დახმარება იმისათვის, რომ მათმა ტვირთმა გლობალურ ბაზარს მიაღწიოს.

მიმდინარე თვის დასაწყისში კი ნავთობტანკერების მფლობელებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტისგან კონკრეტული დირექტივა მიიღეს, აეხსნათ, თუ რას აკეთებენ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შესასრულებლად. ამის შემდეგ ათენში დაფუძნებული ორი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი, ვიდრე სიტუაციას სრულად შეაფასებდნენ, “ძალიან ფრთხილად ვაჭრობენ”.

Bloomberg-ის მოკვლევის თანახმად, ნოემბერში ბერძნული ტანკერები ბალტიისა და შავი ზღვის პორტებიდან რუსული ნედლეულით დატვირთულ ტვირთს 15-ჯერ გამოიტანენ. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 20-ს აღწევდა.

“დიდი შვიდეულის” მიერ რუსულ საწვავზე დაწესებული სანქცია მოიაზრებს, რომ ევროკავშირში რუსული ნედლეულის გადაზიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ერთი ბარელი $60-მდე ჯდება. ივლისის შემდეგ ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, რუსული საწვავით ვაჭრობა კი არ შეწყვეტილა.

თუ პროცესში საბერძნეთის ჩართულობის კლებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ რუსეთიდან საწვავის ექსპორტი შემცირდება. რაც ფინანსურ სანქციებთან თანხვედრაშია, რადგან მათი მიზანი რუსული ნავთობის გავრცელების შეზღუდვა და ქვეყნისათვის შემოსავლის ამ წყაროს შესუსტებაა.

თუ ნავთობიმპორტიორები რუსული პროდუქტის გადაზიდვის ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებენ, რუსული ნედლეულის ექსპორტი, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ თვეში საშუალოდ დღეში 150 000 ბარელით შემცირდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბერძნული გემები რუსეთიდან საზღვაო გადაზიდვების ⅕-ზე არიან პასუხისმგებლები.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა 60$-იანი მაქსიმუმი რუსულ საწვავზე 2022 წლის დეკემბერში დააწესეს. სანქციის თანახმად, სატვირთო გემების მფლობელებს ვალდებულება ჰქონდათ, რუსული ნედლეული მხოლოდ ამ ან უფრო ნაკლებ ფასად შეეძინათ, სხვა შემთხვევაში კი ოპერირების უფლება არ ექნებოდათ. ამ დრომდე გემების მფლობელები ამ პირობას ასრულებდნენ, თუმცა აშშ-ისგან მიღებული წერილები, რომლებიც ფინანსურმა დეპარტამენტმა 100-მდე ტანკერის მფლობელ 30-მდე კომპანიას გაუგზავნა, ბიზნესისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა წერილის ერთ ეგზემპლარზე, მათში მოთხოვნილია კომპანიებისგან დეტალური დოკუმენტაცია, რომლებშიც უკვე გადაზიდულ ტვირთზე ზუსტი აღწერილობა იქნება გაკეთებული. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში აშშ კომპანიის წარმომადგენლებს ციხით ემუქრება.

სადაზღვევო კომპანიათა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის უწყებებთან კომუნიკაციის ტონი ბოლო პერიოდში შეიცვალა, რაც სანქციებისა და მათი აღსრულების წესების გამკაცრებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის უწყებებმა, წერილების გაგზავნის შემდეგ რამდენიმე კონკრეტული გემი და მათი მფლობელი კომპანიებიც დაასანქცირეს, თუმცა მათი უმრავლესობა ნაკლებად ცნობილი, რუსულ კომპანიებთან დაკავშირებული ფირმებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები