მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს 3 ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე სტატიას აქვეყნებს

5f6b41288d720
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.20 16:24
3522
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების შემთხვევები საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებენ. ამასთან, ეს საკითხები საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ დამატებით კითხვებს უჩენენ.

სწორედ ამიტომ, მათი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს, რისი წინაპირობებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, კორუფციასთან ბრძოლა და საერთაშორისო ინვესტორთა უფლებების დაცვაა. “ამ კანონპროექტმა შესაძლოა, კანონის ძალა ვერ შეიძინოს, თუმცა ის მომავალი არჩევნებისთვის სიგნალს წარმოადგენს,”- აღნიშნავენ დიპლომატები.

ყოფილი ელჩები წინასაარჩევნო პერიოდზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა სცადოს, რის შესახებაც განცხადება მოქმედა ელჩმა, კელი დეგნანმაც გააკეთა.

“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობით, ამომრჩეველთა დაშინებით და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მუქარისშემცველი განცხადებებით გამოირჩეოდა. 2019 წლის ივნისში სახელმწიფომ საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

2019 წლის დეკემბერში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში მოსახლეობის 53%-მა აღნიშნა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, არსებულ მიმართულებას კი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 19% მიიჩნევს. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არაა, ერთი წლით ადრე ამ აზრს მოსახლეობის 46% იზიარებდა,”- ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები აღნიშნავენ, რომ 8 მარტს, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მედიაციის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმება ქვეყანაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. დიპლომატების თქმით, საარჩევნო შეთანხმება და ბარიერის დაწევა, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების წევრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება ვითარების დასტაბილურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო.

“საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, თუმცა არსებობს გართულებები. ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უკვე გამოთქვა შეშფოთება ქვეყანაში რეპრესიული კანონმდებლობის მიღების თაობაზე, რაც კომუნიკაციების კანონში დაჩქარებული წესით შესულ ცვლილებებს უკავშირდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ტელე და რადიომაუწყებლებზე კონტროლის მოპოვების მცდელობას შეიძლება წარმოადგენდეს,”- ნათქვამია სტატიაში.

დიპლომატები წერენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რის გამოც EBRD-ის შეფასებით წელს ქვეყნის მშპ 5.5%-ით შემცირდება. გასული ათწლეულის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4-5 პროცენტით იზრდებოდა, თუმცა უმუშევრობა კვლავ აქილევსის ქულს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნის რაიონებში კი სიღარიბე განსაკუთრებით გავრცელებულია.

“ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს ახალ ინვესტიციებს, თუმცა კანონის უზენაესობაში არსებული ხარვეზები, დავების მოგვარების სისტემის ნაკლოვანებები, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება,”- ნათქვამია სტატიაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტები:

დიპლომატები წერენ ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე, რომელთა განვითარებასაც მათი შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს, საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზე.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც $2.5-მილიარდიანი ინვესტიციებს ითვალისწინებდა, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტად აცქევდა. პორტის განვითარება კი როგორც ჩანს საქართველოს მთავრობის მიერ მის პოლიტიზირებას უკავშირდება, რის გამოც, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო დონორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოეხდინა პროექტის ფინანსირებისთვის საჭირო სესხების გარანტირება. შედეგად, პროექტის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო კონსორციუმი მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა დატოვეს.

ანაკლიის გარდა, მეორე შემთხვევა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ეხება, რომლის განვითარებაშიც საერთაშორისო კონსორციუმი არის ჩართული. პროექტი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის მეშვეობით, ევროპასა და აზიას დააკავშირებს. კონსორციუმმა ამ პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მფლობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შეიძინა. საქართველოს მთავრობამ კი დაჩქარებული წესით მიღებული კანონით ამ ტრანზაქციის შებრუნება და კომპანიაზე სრული გავლენის მოპოვება გადაწყვიტა.

ორივე შემთხვევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინვესტირების საბოლოო შედეგი კომპანიებისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა იყოს, რაც ახლა ხდება ანაკლიის შემთხვევაში. ამან კი პოტენციური უცხოური ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვიოს. მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს ამ რისკების შემცირება შეუძლიათ.

გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მძიმე გამოწვევები და ომები გამოიარა, რათა სუვერენიტეტი და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება შეენარჩუნებინა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქვეყანას ამ გამოწვევების გადალახვაც შეეძლება,”- ნათქვამია ჯონ ტეფტის, კენეტ იალოვიცის და უილიამ კორტნის მიერ The National Interesrt-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები