მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს დეფოლტი აღარ ემუქრება – სავალო ლიმიტი გაიზრდება

6474c0fc25e0d
გიორგი თოლორდავა
30.05.23 10:21
728
შაბათ-კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას სავალო ლიმიტის გაზრდის შესახებ. ეს მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკას დეფოლტის გამოცხადების საფრთხე და მსოფლიოსაც ეკონომიკური არმაგედონი აღარ ემუქრება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უშუალო ჩართულობით დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მთავრობის ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ მიმდინარე წელს ფედერალური ვალის მოცულობა 31 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვალის მოცულობა სწორედ აშშ-ის მთავრობას აქვს. ზოგადად, ვალის მოცულობის ზრდა საგანგაშო მოვლენა არ არის. ტრადიციულად, ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, დეფიციტს კი ვალით ავსებს, რომელსაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით იღებს.

ვალის აღების მიზანი საკმაოდ მარტივია, აღნიშნულ თანხას ამერიკის მთავრობა თავდაცვაზე, სოციალურ პროგრამებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე ანაწილებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალი კრიტიკული მნიშვნელობის როლს ასრულებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.

თავის მხრივ, ინვესტორებს, ბანკებსა და სხვა სახელმწიფოებს აშშ-ის მთავრობაზე სესხის გაცემის სურვილი აქვთ, რადგან ამერიკას დეფოლტი არასოდეს გამოუცხადებია, ამ სახელმწიფოს უსაფრთხოებას კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი არმია იცავს, ამიტომაც ამერიკული სახაზინო ობლიგაციები ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო აქტივად ითვლება.

ზოგადად, სავალო ლიმიტის გადახედვა ამერიკაში ტრადიციული მოვლენაა. 1960 წლიდან მოყოლებული ლიმიტი 78-ჯერ შეიცვალა და ყოველი მათგანი გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობასთან და უთანხმოებასთან იყო დაკავშირებული. ამჯერად რესპუბლიკელი კონგრესმენები მოითხოვდნენ, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამერიკის სამთავრობო ხარჯები 4 ტრილიონი დოლარით შემცირებულიყო, ამ პოზიციას კი დემოკრატები არ იზიარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე ხარჯები უნდა გაზრდილიყო.

ამჟამად მხარეებს შორის კონსენსუსი მიღწეულია, მართალია, ეს შეთანხმება კომპრომისულია და სრულად არცერთი მხარის მოთხოვნები არ კმაყოფილდება, თუმცა დემოკრატია სწორედ ასე მუშაობს და ამერიკა ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები