ქართულ ბაზარზე აშშ-დან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაძვირების მოლოდინია.
ადგილობრივი ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი აშშ კანადისა და მექსიკის ავტოინდუსტრიას ტარიფებს დაუწესებს, ამას გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება.
როგორც BMG-ის ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, აშშ-ს მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფებს დაწესება საბოლოოდ საქართველოში მეორად ავტომობილებსაც გააძვირებს. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ შესაბამისი ასახვა საქართველოს ბაზარზე ტარიფების დაწესებას 3-6 თვის ვადაში ექნება.
“როდესაც აშშ-ში ახალი ავტომობილები გაძვირდება, ბუნებრივია, ადგილობრივი მომხმარებელი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ახალ ავტომობილს შეიძენს. შესაბამისად, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მიწოდება შემცირდება და ფასებიც გაიზრდება. აშშ-ს მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებიდან დაახლოებით 3-6 თვეში გამოჩნდება, რამდენად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს ბაზარზე. ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ავტომობილებს საქართველოს ბაზარზეც გააძვირებს. 25%-იანი ტარიფის დაწესება აშშ-დან იმპორტირებულ მეორად მანქანებზე ფასებს 15-20%-ის ფარგლებში გაზრდის”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის აშშ მეორადი ავტომობილების მთავარი საიმპორტო ბაზარია, შტატების მიერ ტარიფების დაწესების შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაძვირებას ელიან კომპანია “კავკასიის ავტოიმპორტშიც.” თუმცა კომპანიის კომერციული დირექტორის შეფასებით, საქართველოს ავტო ინდუსტრიაზე ამ პროცესებს შედარებით მცირე გავლენა ექნება.
“აშშ-ს ბაზარზე ავტომობილებზე ფასების ზრდა ავტომატურად აისახება ქართულ რეალობაში, რადგან ჩვენ მეორადი მანქანების უმრავლესობა ამერიკიდან შემოგვაქვს. აშშ-ში რამდენად გაძვირდება ახალი ავტომობილები და შემდეგ მეორადი, საკითხი ესაა. ვინაიდან შტატებში ახალი ავტომობილების დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით იწარმოება, მიუხედავად იმისა, ბრენდი ამერიკული თუ არა. მათზე ეს გადასახადები არ იმოქმედებს და გაძვირდება. შესაბამისად, იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესება არ ნიშნავს და არ უდრის, აშშ-ში 25%-ით ახალი ავტომობილების გაძვირებას. ეს შესაძლოა, საბოლოო ჯამში 5%-იან გაძვირებას შეიძლება უდრიდეს”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის ავტო იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე ტარიფების ამოქმედება ერთი თვით, 2 აპრილამდე გადავადდა.