მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს ტარიფებს ქართულ ექსპორტზე უარყოფითი გავლენა ექნება - "აჩინებული"

ალალი

ქართული ექსპორტიორი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს.

ნატურალური წვენების ქართული საწარმო "აჩინებული“, ერთ-ერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც პროდუქცია აშშ-ში გააქვს ექსპორტზე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BMG-სთან აცხადებს, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფის დაწესება იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ თაროზე მომხმარებელს პროდუქცია უფრო მეტად გაუძვირდება.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტარიფი აქვს დაწესებული, ქართული პროდუქცია ადგილობრივ, ამერიკულ ნაწარმთან შედარებით არაკონკურენტულ პირობებში ჩადგება, რაც გაყიდვებზე ნეგატიურად აისახება.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ძნელია, ვინმემ ზუსტი ანალიზი გააკეთოს. ზოგადად, ტარიფების შემოღება და გარკვეული ბარიერების დაწესება ყოველთვის უარყოფითად აისახება იმპორტიორებზე და მწარმოებლებზე. 10%-იანი ტარიფის დაწესება იმას ნიშნავს, რომ ამას სხვა გადასახადები ემატება და საბოლოოდ მომხმარებლამდე შეიძლება ეს გახდეს 20-25%. ეს ტარიფები უმრავლესი ქვეყნებისთვის დაწესდა, ზოგისთვის უფრო მეტიც, ამიტომ რთულია იმის თქმა, რა გავლენას იქონიებს. თუმცა ტარიფები ადგილობრივ, ამერიკულ პროდუქციასთან შედარებით ცუდ მდგომარეობაში აყენებს ყველა იმპორტიორს.

ჩვენ ერთი არსებული იმპორტიორი გვყავს აშშ-ში ადგილზე, კიდევ გვქონდა მოლაპარაკება სხვა პარტნიორთან, არ ვიცით, ეს როგორ აისახება ამ მოლაპარაკებებზე, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელი იხდის უფრო მეტ თანხას. როდესაც იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი იზრდება, შიდა ბაზრის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. ტრამპმა იმიტომ შემოიღო ეს კანონი, რომ ადგილობრივი პროდუქციას შეეწყოს ხელი და ის გაიყიდოს. შესაბამისად, ყველას [იმპორტიორ ქვეყნებს] მოუწევს ბაზრის წილის დათმობა. რაც შეეხება [ჩვენი პროდუქციის] გაყიდვებს აშშ-ს ბაზარზე, რთულია ვთქვათ, რა პროცენტულობით აისახება ეს ტარიფები, თუმცა უარყოფითად რომ იმოქმედებს ეს შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც მაღაზიას შენი პროდუქცია ძვირი დაუჯდება, შესაბამისად, ბაზრის რაღაც წილს კარგავ. აშშ-ს ბაზარზე ვინც ვმუშაობთ, ყველაზე იმოქმედებს ნეგატიურად, იმიტომ რომ ეს ტარიფების მიღების მიზანი ადგილობრივი პროდუქციის დაცვაა. მთლიანობაში, ტარიფების დაწესება იქაურ ბაზრის წილს აკარგვინებს იმპორტიორებს, მიახლოებით იმ პროცენტულობით, რა მოცულობითაცაა ტარიფები დაწესებული სხვადასხვა ქვეყნისთვის“, - განაცხადა გოჩა ყვინეფაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა. ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები