ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არგენტინას შორის სავაჭრო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.
ის მოიცავს როგორც ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ასევე ახალ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას ემსახურება. არსებული ინფორმაციით, გარიგება მოიცავს ამერიკული კომპანიებისთვის არგენტინულ ბაზარზე უპირატესობის მინიჭებას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სამედიცინო დანადგარები, ავტომობილები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები. განმარტებისთვის, უპირატესობის მინიჭება ნიშნავს ოფიციალური ბუენოს-აირესის მიერ ადგილობრივი კომპანიების დავალდებულებას, არჩევანის არსებობის შემთხვევაში სხვა პროდუქციის ნაცვლად ამერიკული პროდუქციის იმპორტი განახორციელონ.
გარდა ამ დათქმისა, დოკუმენტში გაიწერა, რომ არგენტინა მნიშვნელოვანწილად განაახლებს ეროვნულ კანონმდებლობას, რათა ის უსაფრთხოებისა და რეგულაციების კუთხით ამერიკულს დაუახლოოს. ეს ცვლილება განსაკუთრებით ხორცპროდუქტებს, ფრინველის ნაწარმსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებს შეეხება. მსგავსი ზომების მიღება ხავიერ მილეის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოს ამერიკული კომპანიების შემდგომი დაინტერესება არგენტინაში ინვესტირებით. ასევე, თავად არგენტინული პროდუქციის ხარისხი გაზარდოს და ის კონკურენტუნარიანი გახადოს. ახალი სავაჭრო შეთანხმებით უქმდება ციფრულ ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც და მარტივდება ექსპორტის პროცედურა ამერიკული ნაწარმისთვის.
სავაჭრო შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა კრიტიკული მინერალების მოპოვება-წარმოების კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებს. კერძოდ, მოპოვებული ლითიუმისა და სპილენძის გაყიდვისას ოფიციალური ბუენოს-აირესი ამერიკას უპირატეს პოზიციას მიანიჭებს და არჩევანის შემთხვევაში სწორედ მას მიაწვდის წიაღისეულ მინერალებს. ცნობისთვის, არგენტინა ლითიუმის საბადოების რაოდენობითა და წარმოებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. რაც შეეხება სპილენძს, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების დამსახურებით, ის საუკეთესო ათეულში მომდევნო 10 წელიწადში შევა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არგენტინას შორის სავაჭრო შეთანხმების დადებაზე საუბარი ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო. შეგახსენებთ, ქვეყნის მოქმედი ლიდერი, ლიბერტარიანელი ხავიერ მილეი სამხრეთ ამერიკაში ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა.



























