ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, დონალდ ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ.
„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – განაცხადა ტრამპმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აშშ-თან ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციების მიზნით ლონდონში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ჩავა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს გასულ თვეში ჟენევაში შეხვდნენ. მაშინ მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს. მიმდინარე მოლაპარაკებები ამ შეთანხმების გაგრძელებაა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.




























