ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყავით შეერთებულ შტატებში ჩასული, რომ ვიღაც დაასანქცირე და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნეს სტრუქტურებს, რომ გადარჩნენ. ბიზნესი გადარჩეს", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ინგა გრიგოლიას დამაზუსტებელ კითხვაზე - ვის უწევდა ადვოკატირებას, იმ ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა, დასასანქცირებელთა სიაში იყვნენ? მამუკა ხაზარაძემ უპასუხა:
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ეს ძალიან სათუთი თემაა", - თქვა მან.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 3000-მდე ბიზნესმა გაბედა და წავიდა ხელისუფლების წინააღმდეგ, FREEBUSINESS.GE-ზე რეგისტრირებით.
"შეერთებულ შტატებში გვქონდა როგორც ღია, ასევე დახურული შეხვედრები რესპუბლიკელების კლუბში. მე მინდა გითხრათ ჩემი და ბადრის პოზიცია, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ბიზნესი რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, გავათავისუფლოთ ამ წნეხისგან. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, შეიძლება ამ ხალხმა დათვური სამსახური გაუწია ბიძინას იმით, რომ გარიგებაში შევიდნენ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ხალხის უკან მდგომ უამრავ ადამიანზე და სტრუქტურაზე, რომელიც მუშაობს. მე, ასე ვუყურებ ამას. იმიტომ, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ ამას", - განაცხადა ხაზარაძემ.




























