აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
ტელეკომპანია CNBC-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 65%-მა ქვეყნის მეთაურის ეკონომიკური კურსი უარყოფითად შეაფასა. მონაცემების თანახმად, ამერიკის მოქალაქეთა 80%-მა მიმდინარე ეკონომიკური ვითარება საშუალო ან ცუდ დონეზე დაახასიათა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
საერთო ჯამში, მოსახლეობის 63% არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს პესიმისტურად აფასებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეკონომიკური პესიმიზმი ბოლო თვეებში რესპუბლიკელ ამომრჩევლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ამჟამად რესპუბლიკელთა 35% პესიმისტურ პოზიციას იკავებს. შედარებისთვის ივლისის თვეში ის 29%-ზე იყო. საყურადღებო ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რესპუბლიკელ ამომრჩევლებში პესიმიზმის ამხელა დონე არასდროს დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, სოციოლოგიური კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,000 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი კი 3.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
























