აშშ-ში ექსპორტი 79.1%-ით შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ ამერიკაში?
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 10:15
• 5548
საქართველოსთვის უმსხვილესი 10 საექსპორტო მიმართულების ჩამონათვალში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გვხდება. თუმცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი TOP-3 იმპორტიორი ქვეყნის სიაში მესამე ადგილს იკავებს და ამგვარად, საერთო ბრუნვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები რეიტინგშიც 6.6%-იანი წილით მეექვსე ადგილზეა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი 79.1%-ით შემცირდა. ამ მიმართულებით მხოლოდ 18 მილიონ 322 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის მაჩვენებელი 88 მლნ დოლარს აღემატებოდა.
აღსანიშნია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს აშშ-ში ექსპორტი ასეთი მინიმალური 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკასთან ვაჭრობის ისტორიაში, საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 2022 წლის იანვარ-აპრილში რეკორდული იყო.
თუ ამ პერიოდში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს, რეალიზებული საქონლის მიხედვით განვიხილავთ, წელს პირველ ოთხ თვეში ამერიკაში ექსპორტი ძირითადად ფეროშენადნობების კლების ხარჯზეა შემცირებული. 2022 წელს, საანგარიშო პერიოდისთვის, აშშ-ის მიმართულებით 77 მლნ დოლარის ღირებულების მხოლოდ ფეროშენადნობები გავიდა და ეს სასაქონლო ჯგუფი მთლიანი ექსპორტში 87.5%-იან წილს იკავებდა.
რაც შეეხება იმას, რა საქონელი გავყიდეთ 2023 წლის იანვარში-აპრილში აშშ-ში, TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:
1. ფეროშენადნობები - 9 მლნ დოლარი; 2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.6 მლნ დოლარი; 3. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1 მლნ დოლარი, 815 ტონა; 4. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 996 მლნ დოლარი, 211 ტონა; 5. ხის სამშენებლო ნაწარმი - 519 ათასი დოლარი, 116 ტონა; 6. საფრენი აპარატების ნაწილები - 453 ათასი დოლარი,; 7. პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 433 ათასი დოლარი; 8. მინერალური და მტკნარი წყლები - 419 ათასი დოლარი; 9. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 414 ათასი დოლარი; 10. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 398 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, პირველ ოთხ თვეში საქართველომ აშშ-ში 412.5 მლნ დოლარის საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 63.9%-ით აღემატება. შესაბამისად ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ 9.1%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. აშშ-დან შეძენილ მთავარ საიმპორტო საქონლის რეიტინგის სათავეში მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რაზეც მთლიანი იმპორტის 90.9% მოდის. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 67.5%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. მსუბუქი ავტომობილები - 375.1 მლნ დოლარი; 2. დანარჩენი საქონელი - 5.9 მლნ დოლარი; 3. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3.5 მლნ დოლარი; 4. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 2.1 მლნ დოლარი; 5. თხილი და სხვა კაკალი - 1.8 მლნ დოლარი; 6. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაყინული - 1.4 მლნ დოლარი; 7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 მლნ დოლარი; 8. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე - 1 მლნ დოლარი; 9. პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 1 მლნ დოლარი; 10. საფრენი აპარატები სხვა - 999 ათასი დოლარი.
ამგვარად, აშშ ჯამურად 430.8 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვითა და 6.6%-იანი წილით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნების რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში 26.8%-ით გაიზარდა. ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე დაკვირვება კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვთქვათ - საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდის ხარჯზე გაიზარდა.