უკრაინასთან ვაჭრობა 19.1%-ით შემცირდა - რით ვვაჭრობთ ომში ჩართულ ქვეყანასთან?
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.23 10:00
• 773
2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს უმსხვილეს 10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალში აღარ შედის. ქვეყნებს შორის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებელი კლების ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეიმჩნევა. გასულ წელს უკრაინასთან ექსპორტ-იმპორტის კლების მაჩვენებელი წელსაც ნარჩუნდება და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 4 თვის ჭრილში ვაჭრობა 19.1%-ითაა შემცირებული. იანვარ-აპრილში ქვეყნების საქონლით ვაჭრობამ 118 მილიონ 391 ათასი დოლარი შეადგინა. ამგვარად უკრაინა პარტნიორების რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზე აღმოჩნდა.
საერთო სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად ომში მყოფი უკრაინა საექსპორტო ქვეყნების ათეულში 1.6%-იანი წილით ბოლო, მეათე პოზიციაზეა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უკრაინაში 30.4 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წილის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 42.5%-ით ჩამორჩება.
TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
1. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 8.6 მლნ დოლარი; 2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4.1 მლნ დოლარი; 3. მსუბუქი ავტომობილები - 3.9 მლნ დოლარი; 4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.4 მლნ დოლარი; 5. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.8 მლნ დოლარი; 6. ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 1.8 მლნ დოლარი; 7. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1.5 მლნ დოლარი; 8. თხილი და სხვა კაკალი - 993 ათასი დოლარი; 9. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 676 ათასი დოლარი; 10. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 501 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, უკრაინიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი იანვარ-აპრილის განმავლობაში 5.8%-ით შემცირდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქონლის შესაძენად 87.9 მლნ დოლარი გავიდა. ამ მიმართულებით მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 18.1 მლნ დოლარი; 2. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 3.6 მლნ დოლარი; 3. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 2.9 მლნ დოლარი; 4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.6 მლნ დოლარი; 5. საცობები, ხუფები და სახურავები - 2.6 მლნ დოლარი; 6. ალაო მოხალული ან მოუხალავი - 2.6 მლნ დოლარი; 7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 2.5 მლნ დოლარი; 8. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 1.8 მლნ დოლარი; 9. საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან - 1.8 მლნ დოლარი; 10. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1.6 მლნ დოლარი.