მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ფუტკრებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

63b83676d05b5
გიორგი არონია
07.01.23 13:14
946
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ფუტკრის ლავრის ბაქტერიული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც ფუტკრებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინაა მსოფლიოში, - ამის შესახებ BBC წერს. აღნიშნული ვაქცინა, რომელიც ამ სფეროს მეცნიერულ გარღვევადაა მიჩნეული, დედა ფუტკრის რძეში პასიური ბაქტერიის ინტეგრირებით ფუნქციონირებს - დედა ფუტკარი სწორედ ფუტკრის რძით იკვებება, რაც მის ლავრას დაავადების მიმართ იმუნურს ხდის.

ფუტკრის ლავრის ბაქტერიული დაავადება მეფუტკრეების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რადგან ის მეტად გადამდებია და თან არ იკურნება. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამ დაავადების აღმოსაფხვრელად არსებობს - ფუტკრის ოჯახის, სკის და ფუტკრის მოვლის პროცესში გამოყენებული მოწყობილობების დაწვა და ახლომდებარე ოჯახების ანტიბიოტიკებით მკურნალობაა.

ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცება მეტად დროულია - აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლის შემდეგ, ფუტკრების ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ფუტკრის კოლონიების შემცირების მიზეზი არაერთგვაროვანია: პარაზიტების, ბაქტერიებისა და პესტიციდების გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია კოლონიის კოლაფსი - მოვლენა, როცა მუშა ფუტკრები სკებს და მასში მცხოვრებ დედა ფუტკრებს ტოვებენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფუტკრები, ისევე, როგორც ყვავილის დამამტვერიანებელი სხვა მწერები, ფრინველები და ღამურები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებაში - გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, ყვავილის დამამტვერიანებელი არსებები მსოფლიოს მარცვლეული კულტურების მოსავლის მესამედზე არიან პასუხისმგებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები